კევინი სახლში მარტო დარჩა და „ბაქსს“ თამაში შემოუტრიალა [ვიდეო] #1TVSPORT
კევინი სახლში მარტო დარჩა და „ბაქსს“ თამაში შემოუტრიალა [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ში პლეი ოფები საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობს. „ფინიქსმა“ კონფერენციის ფინალის საგზური უკვე მოიპოვა და თავის ოპონენტს „კლიპერსსა“ და„იუტას“ შორის ელოდება, სადაც სერიებში ანგარიში თანაბარია. აღმოსავლეთ კონფერენციაში „ვაშინგტონი“ და „ატლანტა“ ერთმანეთში არკვევენ შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ბედს, ანგარიში აქაც 2:2-ია. „ბრუკლინისა“ და „მილუოკის“ დაპირისპირება კი დრამატულად მიმდინარეობს.

მე-4 თამაშში კაირი ირვინგმა მიიღო ტრავმა და შეხვედრის ნაადრევად დატოვება მოუწია, მან მე-5 მატჩიც გამოტოვა. „ნეტსსმიკროტრავმიდან დაუბრუნდა ჯეიმს ჰარდენი, რომელმაც პირველივე შეხვედრაში მიიღო დაზიანება, მაგრამ „ბრუკლინის“ 13 ნომერს ძალიან ცუდი სტატისტიკა ჰქონდა. ჰარდენმა 5 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი დააგროვა, მან 8-დან ვერცერთი სამქულიანი გამოიყენა და ორქულიანი მხოლოდ ერთხელ ისროლა. შესაბამისად, დურანტი Home Alone-ის გმირივით სახლში მარტო უნებურად დატოვეს, მაგრამ კევინ მაკალისტერის მსგავსად ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ თავი არავის დააჩაგვრინა და ფენომენალურად ითამაშა – დურანტმა 49 ქულა, 17 მოხსნა და 10 პასი დააგროვა. ასეთი სამმაგი დუბლი კი NBA-ის პლეი ოფებში ისტორიაში არავის დაუფიქსირებია.

პირველი მეოთხედი და მთლიანად პირველი ტაიმი იანისმა და მისმა გუნდმა შესანიშნავად დაიწყო და მეტოქეს 17 ქულით გაექცა. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ დურანტმა მატჩი შემოატრიალა და თავისი გუნდი სერიაში წინ გაიყვანა.

ბრუკლინი – მილუოკი 114:108

ანტეტოკუმპომ ამ შეხვედრაში 34 ქულა დააგროვა, „ბაქსიდან“ გამორჩეული ასევე კრის მიდლტონი იყო 25 ქულით, დურანტს კი ჯეფ გრინი დაეხმარა 27 ქულით.