კევინ დურანტი 2019/20 წლების სეზონზე თამაშს არ აპირებს
კევინ დურანტი 2019/20 წლების სეზონზე თამაშს არ აპირებს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია გულშემატკივარს 31 ივლისიდან უბრუნდება. კორონავირუსის პანდემიის გამო, ლიგა 12 მარტიდან შეჩერებულია. ჩემპიონატი 22 გუნდით კომპანია „ვოლტ დისნეის“ ტერიტორიაზე განახლდება. გუნდები რეგულარულში სულ რვა შეხვედრას გამართავენ, იმისათვის, რომ პლეი ოფის მონაწილეები გაირკვეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსმა 100 000 ადამიანზე მეტი სიცოცხლე უკვე იმსხვერპლა, მიუხედავად ამისა, ლიგის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ სეზონის უსაფრთხოდ დასრულება რეალურია.

ყველას, განსაკუთრებით კი „ბრუკლინის“ გულშემატკივრებს აინტერესებთ მოახერხებენ თუ არა თამაშს კევინ დურანტი და კაირი ირვინგი.

კევინ დურანტმა ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა. „ბრუკლინის“ კალათბურთელის თქმით, ის სეზონის განახლების მიუხედავად, თამაშს ვერ მოახერხებს.

„ჩემი სეზონი დასრულებულია. მე არ ვგეგმავ თამაშს. ეს გადაწყვეტილება საკმაოდ დიდი ხნის წინ მივიღე“, – განაცხადა დურანტმა მარკ ჯეი სპერსთან ინტერვიუს დროს.

რაც შეეხება კაირი ირვინგს, ადრიან ვოჟნაროვსკის ცნობით, „ბრუკლინის“ გამთამაშებელი თამაშს ვერ მოახერხებს. ირვინგი ორლანდოში მხოლოდ გუნდის საგულშემატკივროდ ჩავა.

„ბრუკლინს“ 30 მოგება და 34 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება.