კეტრინ ვილბარგერი - აშშ ავითარებს საქართველოს შესაძლებლობებს, გააძლიეროს საკუთარი შეიარაღებული ძალები, რათა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა
კეტრინ ვილბარგერი - აშშ ავითარებს საქართველოს შესაძლებლობებს, გააძლიეროს საკუთარი შეიარაღებული ძალები, რათა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა

ამერიკის შეერთებული შტატები ავითარებს საქართველოს შესაძლებლობებს, გააძლიეროს საკუთარი შეიარაღებული ძალები, რათა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, კეტრინ ვილბარგერმა. ამ თემაზე მან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის მოსმენაზე კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მოსმენის თემა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და აშშ-ის სამხედრო აქტივობებია ევროპაში.

„ნატო-ს ფარგლებს გარეთ უკრაინა და საქართველო არიან ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე და შავი ზღვის რეგიონში. უკრაინაში, რუსეთს ოკუპირებული აქვს ყირიმი და ამწვავებს დონბასში კონფლიქტს, რათა ძალის გამოყენებით შეცვალოს საზღვრები და შელახოს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა. აშშ-ის პოზიცია კვლავ მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

2014 წლიდან აშშ-ის მიერ გამოყოფილია 1,2 მილიარდი დოლარი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, მომავალში რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწვევად. აშშ ანალოგიურად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. საქართველო არის აშშ-ის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ახორციელებს ჩვენს საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტით უზრუნველყოფას ავღანეთში. ასევე, არის ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის უმსხვილესი, არაწევრი კონტრიბუტორი. ამჟამად ავღანეთში 870 ქართველი იმყოფება, რაც საქართველოს ამ მისიის უმსხვილეს კონტრიბუტორად ხდის. აშშ ავითარებს საქართველოს შესაძლებლობებს, გაწვრთნას, აღჭურვოს და გააძლიეროს საკუთარი შეიარაღებული ძალები, რათა შეინარჩუნოს თავისი დამოუკიდებლობა“, – განაცხადა კეტრინ ვილბარგერმა.