კეშ პატელი - რუსეთის დაზვერვა, სავარაუდოდ, აშშ-ის ტერიტორიაზე დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა, უცხო ქვეყნის მთავრობებს არ მიეცემათ უფლება, საფრთხე შეუქმნან აშშ-ში მცხოვრები ადამიანების თავისუფლებას
რუსეთის დაზვერვა, სავარაუდოდ, აშშ-ის ტერიტორიაზე დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა, – ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კეშ პატელი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უცხო ქვეყნის მთავრობებს არ მიეცემათ უფლება, გააჩუმონ კრიტიკოსები, დაარღვიონ კანონები ან საფრთხე შეუქმნან ამერიკაში მცხოვრები ადამიანების თავისუფლებას.
„გამოძიების ფედერალური ბიურო დაიცავს სიტყვის თავისუფლებას და დაუპირისპირდება ტრანსნაციონალურ რეპრესიებს ყველგან, სადაც ისინი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან“, – წერს პატელი.
ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა რუსეთის დაზვერვის ხუთ სავარაუდო აგენტს. მათ ბრალად ედებათ რუსეთის მიერ მტრად მიჩნეული პირების წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-ში მცხოვრები, სულ მცირე, ერთი ცნობილი დისიდენტის მკვლელობის დაგეგმვა.