კენჭისყრის შედეგები - მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში | ბაქო 2018
კენჭისყრის შედეგები - მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში | ბაქო 2018

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრა, სადაც გამოვლენილ იქნენ ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები.

ტურნირის პირველ დღეს, 20 სექტემბერს, საქართველოს ღირსებას ტურნირზე ორი სპორტსმენი დაიცავს – ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) და ამირან პაპინაშვილი (60 კგ.)

ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთვება და პირველ შეხვედრაში უნგრელ სზაბოსა და იაპონელ ნაგაიამას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ასევე მეორე წრიდან იასპარეზებს ამირან პაპინაშვილიც. მისი მეტოქე მალაველი ემანუელ ნდავუ იქნება.

ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) პირველ შეხვედრაში ბენინელ აუგუსტე დაგას შეხვდება. ორივე მათგანი მეორე წრიდან იწყებს ასპარეზობას. მარგველაშვილმა შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

73 კგ. წონით კატეგორიაში ისპარეზებს ლაშა შავდათუაშვილიც. მისი პირველი მეტოქე ტურნირის მეორე წრეში ხალილ რებაჰი იქნება. ლაშა შავდათუაშვილი განვლილი წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე ადგილზე გავიდა.

ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ.) ბრძოლაში მეორე წრიდან ერთვება და მას პორტუგალიის სახელით ჩასული ანრი ეგუტიძე შეხვდება.

90 კგ. წონით კატეგორიაში ორი ქართველი იასპარეზებს – უშანგი მარგიანი და ბექა ღვინიაშვილი. ტურნირზე ორივე მათგანი განთესილია. ღვინიაშვილი პირველ ორთაბრძოლას გერმანელ ედვარდ ტრიპელთან გამართავს, ხოლო შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი, უშანგი მარგიანი კი ესპანელ ლორენცო ნასიმიენტოსა და ჩინელ ჰებილიგე ბუს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მეორე წრიდან იასპარეზებს რეიტინგის ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანიც (-100 კგ.) და პირველ შეხვედრაში ფრანგ ალექსანდრე იდირსა და სპილოს ძვლის კუნძულების წარმომადგენელ კოფი კრემე კობენას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ლიპარტელიანმა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აბსოლუტურ წონით კატეგორიაში (+100 კგ.) საქართველოს გურამ თუშიშვილი წარმოადგენს, რომელიც ტურნირის მეორე წრეში რუმინელ დანიელ ნატეასა და ლატვიელ ცაკსტინს შორის გამარჯვებულს შეხვდება. 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლა დათმო.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი 20 სექტემბერს აიღებს სტარტს და 27 სექტემბერს დასრულდება.