კელი დეგნანი - ვფიქრობ, კომენტარები, რომლებსაც საფუძველი არ აქვს და ნათქვამია ისე, რომ საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს, ძალიან არასახარბიელოა
კელი დეგნანი - ვფიქრობ, კომენტარები, რომლებსაც საფუძველი არ აქვს და ნათქვამია ისე, რომ საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს, ძალიან არასახარბიელოა

ვფიქრობ, კომენტარები, რომლებსაც საფუძველი არ აქვს და ნათქვამია ისე, რომ საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს, ძალიან არასახარბიელოა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კელი დეგნანს შემდეგი შეკითხვა დაუსვა: „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ შვეიცარიული ბანკი თანხას არ ურიცხავს ბიძინა ივანიშვილს, რათა ის იძულებული გახდეს, შანტაჟის შედეგად ჩაერთოს პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთოს ომში. „ქართული ოცნება“ ეთანხმება მოსაზრებას, რომ შვეიცარიული ბანკის უკან დგას აშშ. იღებთ თუ არა ამას, როგორც პოლიტიკურ ბრალდებას და არის თუ არა ეს ანტიდასავლური პროპაგანდა“.

ამასთან, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა: „კრედით სუისთან“ დაკავშირებით კითხვებზე, ვფიქრობ, ჯობია, „კრედიტ სუისს“ კითხოთ“.

„კერძო ბანკია და არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია, რა ხდება „კრედიტ სუისის“ შიგნით. მე მივიჩნევ, რომ ეს კომენტარი ძალიან დამაბნეველი იყო და ვფიქრობ, კომენტარები, რომლებსაც საფუძველი არ აქვს და ნათქვამია ისე, რომ საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს, ძალიან არასახარბიელოა. ეს არის ერთგვარი დეზინფორმაცია, რომელიც, ჩემი აზრით, მთავრდება დაბნეულობით და საბოლოოდ, ხალხის დაყოფით. ეს იმ დროს, როდესაც ქართველები უნდა გაერთიანდნენ და არა დაიყონ. ეს ერთიანობის დროა. მეც დაბნეული ვიყავი, თუ რაზე იყო ეს კომენტარი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.