კელი დეგნანი - ვამაყობთ, რომ დავიმსახურეთ ქართველი ხალხის ნდობა და მეგობრობა, რაც ჩვენთვის ძვირფასია, აშშ-ს უდიდესი ინტერესი აქვს, საქართველომ ტრანსატლანტიკურ მიზნებს მიაღწიოს
კელი დეგნანი - ვამაყობთ, რომ დავიმსახურეთ ქართველი ხალხის ნდობა და მეგობრობა, რაც ჩვენთვის ძვირფასია, აშშ-ს უდიდესი ინტერესი აქვს, საქართველომ ტრანსატლანტიკურ მიზნებს მიაღწიოს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების, პარტნიორობისა და მეგობრობის 30 წლისთავს აღნიშნავს. საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა სიტყვა წარმოთქვა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც ამ დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყნებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებებისა და გარდაქმნების მიუხედავად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერი და ურყევი დარჩა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

როგორც კელი დეგნანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცეს, რომ ეფექტურად იბრძვიან რეგიონული, გლობალური საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ.

„როგორც სტრატეგიულმა პარტნიორებმა, საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცეს, რომ ეფექტურად იბრძვიან რეგიონული და გლობალური საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ ერთობლივი სარგებელისთვის – იქნება ეს შავი ზღვის ღიაობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება; უკანონო ნარკოტიკებისა და იარაღის შემოსვლის აღკვეთა თუ საერთაშორისო კრიმინალური ქსელების წინააღმდეგ მოქმედება. საერთო ინტერესები და საერთო ღირებულებები გვაქცევს ბუნებრივ პარტნიორებად, ვმუშაობთ რა, დიპლომატიის გზით ისეთ საერთაშორისო ფორუმებზე, როგორიცაა გაერო და ეუთო, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, მშვიდობის, ეკონომიკური ზრდისა და დემოკრატიის, კორუფციასთან ბრძოლისა და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშესაწყობად. შეერთებული შტატები აცნობიერებს, რომ ჩვენი ალიანსებისა და პარტნიორობის გლობალური ქსელი ჩვენი უდიდესი ძალაა და საქართველო ამ ქსელის ღირებული ნაწილია. სწორედ ამიტომ, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში, სადაც მოკავშირეები ერთობლივად მუშაობენ მშვიდობისა და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამ გზით ინარჩუნებენ ჩვენი ერები ცხოვრების იმ წესს, რომელსაც ასე ვუფრთხილდებით და ვაფასებთ. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ესწრაფოდა, მათ შორის მეფე დავითის დროსაც, მეზობლებთან ამ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერნი ვართ.

მომდევნო 30 და შემდგომი წლების ჩვენეული ხედვა ოპტიმისტურია, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას, ძლიერ, ჯანსაღ დემოკრატიასა და კეთილდღეობას რეგიონში, თუმცა ის დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, რომლებიც დღეს საჭიროებს გადაჭრას. საქართველოს ეკონომიკისთვის რთულია სათანადო ეკონომიკური შესაძლებლობების შეთავაზება, რათა ბევრმა ნიჭიერმა მოქალაქემ არ დატოვოს ქვეყანა. გარდა ამისა, საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები კვლავ არ არის საკმარისად განვითარებული და ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს, რასაც კიდევ უფრო აფერხებს უაღრესად ტენდენციური და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო.

როგორც ბოლო დროს ბევრი ქვეყნის მაგალითზე ვიხილეთ, მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები საუკეთესო დაცვაა ავტოკრატიული ტენდენციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ ეს არაშორსმჭვრეტელი ტენდენციები წარმოუდგენლად საშიშია და საფრთხის ქვეშ აყენებს ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს. როგორც ჩანს, ავტოკრატიულ კრემლს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გამოიყენოს თავისი ძალაუფლების ფართო სპექტრი დაბნეულობის გასაღვივებლად და განხეთქილების გასაღრმავებლად, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ერთიანობისა და სტაბილურობის შელახვას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო თავისი ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაციას ებრძვის, საქართველოს მოსახლეობას სჭირდება ერთიანობა და სიმტკიცე გარე მტრების წინააღმდეგ“, – განაცხადა დეგნანმა.

ელჩის თქმით, ამ გამოწვევას საქართველო კარგად იცნობს, რომლის წინაშეც საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ მდგარა – ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, როდესაც რუსეთმა 1801 წელს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით მოახდინა ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია, შემდეგ 1921 წელს, როდესაც კრემლი შეიჭრა და დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მოსკოვის ხელშეკრულების დარღვევით და, რა თქმა უნდა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 2008 წელს.

„რუსეთის აგრესიული, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევა არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოთი, როგორც ვნახეთ. ჩვენ ვდგავართ ამბოხებული, რევანშისტული რუსეთის წინაშე, რომელსაც განზრახული აქვს თავისი იმპერიის აღდგენა გავლენის პრივილეგირებული სფეროს დამყარების გზით. რუსეთი გამუდმებით არღვევს ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ვალდებულებები აქვს აღებული მათ დასაცავად. რუსეთმა ცხადად აჩვენა, რომ არ სცემს პატივს საქართველოსა და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. ეს არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც ოკუპირებული აქვს  სხვა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიები. ეს არის ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავს უყრის ჯარებს მეზობლის საზღვარზე. სწორედ რუსეთმა გაანადგურა საქართველოს პირველი რესპუბლიკა 1921 წელს, შეურაცხყო საქართველოს ეკლესიები და ჰქონდა  ქართული ენის ჩახშობის წარუმატებელი მცდელობა.  რუსეთის მხრიდან საქართველოს კულტურის, რწმენის, ენისა და ტრადიციებისადმი უპატივცემულობისგან, სრულიად განსხვავებით შეერთებულ შტატები, ევროპა და საქართველო კეთილდღეობის, თავისუფლებისა და ღირსების საერთო ხედვას იზიარებენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დეგნანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წინაშე მრავალი გამოწვევაა, ასევე გვაქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები.

„ყველაზე ნიშანდობლივია, რომ ქართველი და ამერიკელი ხალხი გაერთიანებულია ჩვენი საერთო ძალისხმევის ირგვლივ. 30 წლის მანძილზე, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ არის აქ, საქართველოში, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ხალხის მოთხოვნით, ერთობლივი ძალისხმევით დემოკრატიის და ეკონომიკის გასაძლიერებლად და გეოპოლიტიკური გამოწვევების გადასაჭრელად. არსებობს დიდი ინტერესი და ორპარტიული მხარდაჭერა ჩვენი მიზნებისადმი, აშშ-ის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ შტოებში, რაც  ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებებიდან მომდინარეობს. ვამაყობთ, რომ ჩვენი 30-წლიანი თანამშრომლობის შედეგად, დავიმსახურეთ ქართველი ხალხის ნდობა და მეგობრობა. არსებობს ნდობისა და პატივისცემის ღრმა რეზერვი, რომელიც განვითარდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვუწევდით რა მეგზურობას საქართველოს გარდაქმნების რთულ გზაზე. ეს ნდობა და პატივისცემა ჩვენთვის ძვირფასია. შეერთებულ შტატებს უდიდესი ინტერესი აქვს, რომ საქართველომ თავისი ტრანსატლანტიკურ მიზნებს მიაღწიოს.

საქართველომ განავითარა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ბევრი წარმატებული ბიზნესი, რომლებსაც სურთ ერთობლივი პარტნიორული მუშაობა. ასევე, არსებობს აშშ-ის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების 6 000-ზე მეტი კურსდამთავრებულის ქსელი. ისინი თითქმის ყველა სექტორში მუშაობენ და ყველაზე ერთგულ და დინამიურ ადამიანებს შორის არიან, ვისაც აქ შევხვედრილვარ. ისინი საზღვარგარეთ მიღებულ უნარებსა და გამოცდილებას საქართველოს გამოწვევებზე სამუშაოდ იყენებენ.

ქართველებმა გამოსცადეს საბჭოთა ზეწოლა ქართულ ენაზე და ეკლესიის ნგრევა. თქვენ ნახეთ, როგორ ატერორებდნენ კანონიერი ქურდები ჩვეულებრივ მოქალაქეებს და ძირავდნენ ქვეყანას უკანონობაში. თქვენ გინახავთ ომი, ბრძოლა, პოლიტიკური არეულობა, რევოლუცია, მაგრამ ასევე ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ეს არის რეალური პროგრესი. განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა, არის მოწოდებები კიდევ ბევრისკენ, რათა შენარჩუნდეს მუხტი საქართველოს უნიკალური კულტურის, რწმენისა და ტრადიციების მყარ საძირკველზე თანამედროვე, აყვავებული, ინკლუზიური ქვეყნის მშენებლობისთვის. მთელი ამ მღელვარე პერიოდის განმავლობაში, შეერთებული შტატები მხარს უჭერდა ქართველ ხალხს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩის განცხადებით, ოცდაათი წელი ხანგრძლივი დროა, მაგრამ ამავდროულად, მხოლოდ დასაწყისია.

„ამერიკის შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ მომავალი წლების განმავლობაში იდგება ქართველი ხალხის გვერდით, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს საერთო ღირებულებებს და გააძლიეროს მათ დასაცავად აუცილებელი ინსტიტუტები. ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა საქართველოს ეკონომიკის სტიმულირებისა და დივერსიფიკაციისთვის, რათა შეიქმნას უკეთესი სამუშაო ადგილები და მეტი შესაძლებლობები ქართველებისთვის. ჩვენ შეგვიძლია, გადავხედოთ 30-წლიან ერთობლივი მუშაობის შესანიშნავ პროგრესს. მოუთმენლად ველოდებით საქართველოს მიღწევების აღნიშვნას, როგორც მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. საქართველოს წარმატება, როგორც აყვავებული, უსაფრთხო, ძლიერი დემოკრატიისა, ჩვენს ორივე ქვეყანას აძლიერებს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის სიტყვა სრულად იხილეთ ბმულზე.

დატოვე კომენტარი