კელი დეგნანი - ქართველებმა აირჩიეს გზა უფრო დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისკენ და შეერთებული შტატები გააგრძელებს ამ არჩევანის მხარდაჭერას
კელი დეგნანი - ქართველებმა აირჩიეს გზა უფრო დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისკენ და შეერთებული შტატები გააგრძელებს ამ არჩევანის მხარდაჭერას

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ელჩი კელი დეგნანი საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონს ესაუბრა ხშირად დასმულ შეკითხვებზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების, ამერიკის პოზიციისა და ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების გავლენის შესახებ. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.

ელჩი კელი დეგნანი ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართველებმა აირჩიეს გზა უფრო დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისკენ და შეერთებული შტატები გააგრძელებს ამ არჩევანის მხარდაჭერას.

„საქართველომ, ისევე, როგორ ამერიკამ, იბრძოლა თავისი თავისუფლებისთვის და ეს თავისუფლების საერთო სიყვარული არის ის, რაც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის გულშია. თავისუფლება, რომელიც ლიდერების დამოუკიდებელ და სამართლიან არჩევნებში არჩევას გულისხმობს, ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია. დემოკრატია გულისხმობს არჩეული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე და არჩევნები სწორედ ამას ემსახურება. ამ ქვეყანაში მოგზაურობისას, ბევრი ქართველი გავიცანი, რომელიც ისევე სცემს პატივს ხმის უფლებას, როგორც – ამერიკელები. როდესაც საქართველო შეუერთდა ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა ეუთო ან ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, მან ვალდებულება აიღო, დაიცვას ეს ღირებულებები და საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

ეს ღირებულებები და სტანდარტები ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის, რაც ნატო-სა და ნატო-საქართველოს კომისიასთან ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედია. ქართველებმა აირჩიეს გზა უფრო დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისკენ და შეერთებული შტატები გააგრძელებს ამ არჩევანის მხარდაჭერას. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველო ძლიერი, ერთიანი, სუვერენული, დამოუკიდებელი და უფრო დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში. ეს პირობა საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ამომავალი წერტილია“, – აცხადებს კელი დეგნანი.

დატოვე კომენტარი