კელი დეგნანი აჭარის რეგიონს სტუმრობს
კელი დეგნანი აჭარის რეგიონს სტუმრობს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი აჭარის რეგიონს სტუმრობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვძემ ამერიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და მადლობა გადაუხადა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობისათვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და სამშვიდობო პოლიტიკისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ბიზნეს გარემოს. ასევე, აჭარის ეკონომიკის სტიმულირებისა და ტურისტული პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს. აღინიშნა, რომ აჭარა კორონავირუსის პირობებში, დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით, ტურისტების დაინტერესების კუთხით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს.

შეხვერდრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში მიღწეულ შედეგზე, ხაზი გაესვა ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან. ეს ჩემი პირველი ვიზიტია აჭარაში. მოხარული ვარ, რომ მომეცა თავმჯდომარესთან შეხვედრის შესაძლებლობა, რათა გვესაუბრა როგორც „კოვიდ-19“-ით გამოწვეულ სირთულეებზე და ეკონომიკური რეაბილიტაციის გზებზე, ასევე იმ პოზიტიურ და ამბიციურ გეგმებზე, რაც საქართველოსთან, კერძოდ კი, აჭარასთან მიმართებაში გვაქვს დასახული.

ბათუმი ძალიან საინტერესო ქალაქია, დიდი პოტენციალით. ვისაუბრეთ იმ ინიციატივებზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დაგეგმილი აჭარის რეგიონთან მიმართებაში. მადლობას მოვახსენებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ამ მხარდაჭერისთვის. სულ ცოტა ხნის წინ განხორციელდა ამერიკული ხომალდის „პორტერის“ ვიზიტი ბათუმში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამერიკის უპირობო მხარდაჭერას და თანამშრომლობას სამხედრო და საზღვაო მიმართულებით. მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის კონტექსტში, ასევე, საქართველოსა და ნატო-ს კავშირების გაძლიერების კუთხით.

ვამაყობთ ბათუმის ბიბლიოთეკაში მოქმედი ამერიკული კუთხით. მადლიერები ვართ ამ პროექტის მხარდაჭერისათვის, რომელიც უნიკალურ პლატფორმას სთავაზობს ადგილობრივ მოსახლეობას, გაგვაცნონ ინოვაციური იდეები. ამერიკული კუთხე წარმოადგენს ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის კავშირების გაღრმავების კიდევ ერთ საშუალებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დატოვე კომენტარი