კაზემირო - ამ დაპირისპირების მოგება ჯერ კიდევ შესაძლებელია
კაზემირო - ამ დაპირისპირების მოგება ჯერ კიდევ შესაძლებელია

მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო მიიჩნევს, რომ გუნდს განმეორებით მატჩში მოგება და შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია. ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი მადრიდულმა სამეფო გუნდმა შინ 1:2 დათმო „მანჩესტერ სიტისთან“ და სიტუაცია სერიოზულად გაირთულა.

სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა: ჯერ ისკომ გამოიჩინა თავი, ამის შემდეგ კი ჯერ გაბრიელ ჟეზუსმა გაათანაბრა, ხოლო შემდეგ გამარჯვების გოლი კევინ დე ბრუინმა თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ განმეორებით მატჩში მადრიდელებს არ ეყოლებათ სერხიო რამოსი, რომელმაც გუშინდელ მატჩში ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი მიიღო.

„ეს დაპირისპირება არ დასრულებულა. ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ, ოღონდ მხოლოდ პირველი 75 წუთი. სამწუხაროდ, ბოლო 15 წუთის განმავლობაში ჩვენ არ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა და საბოლოოდ დავმარცხდით. მიუხედავად ამისა, თუკი მსოფლიოში არსებობს გუნდი, რომელსაც ამის შემდეგ გამარჯვება შეუძლია, ეს პირველ რიგში მადრიდის „რეალია“. ბევრი უნდა ვიმუშაოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“, – მოჰყავს კაზეიმიროს სიტყვები ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაციას (BBC).

განმეორებითი მატჩი „სიტისა“ და „რეალს“ შორის მანჩესტერში 17 მარტს გაიმართება.