„კავკასიონი არენამ“ ყველა მსურველი ვერ დაიტია - „თელავი“ „მერანს“ დაუზავდა
„კავკასიონი არენამ“ ყველა მსურველი ვერ დაიტია - „თელავი“ „მერანს“ დაუზავდა

საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-8 ტური თელავის „კავკასიონი არენაზე“ გამართული მატჩით გაიხსნა – საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ თბილისის „მერანს“ უმასპინძლა და ქულა გაინაწილა – 0:0.

ეს იყო პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციამ სტადიონზე მაყურებელი დაუშვა, მაგრამ ხალხის ნაწილი მაინც სტადიონის გარშემო მოთავსდა და შეხვედრას ასე უყურებდა.

გულშემატკივარს სტადიონზე შესვლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით მოხდა – გულშემატკივრები ტრიბუნაზე ორი სკამის გამოტოვებით, დისტანცირებულად განთავსდნენ – ყოველი დაკავებული ადგილის შემდეგ ორი თავისუფალი ადგილი იყო.

ასე ღონისძიებაზე დამსწრე პირთა მიერ დაკავებული ადგილების რაოდენობა ადგილების საერთო რაოდენობის 33%-ს არ აღემატებოდა. „კავკასიონი არენამ“ კი მცირე ტევადობის გამო თამაშზე მისული ყველა თელაველი გულშემატკივარი ვერ დაიტია და ხალხს სტადიონის გარშემო მოუხდა განთავსება.

რვა ტურის „თელავს“ ახლა აქტივში 11 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო „მერანი“ 4 ქულით ბოლოზეა.

მე-8 ტურის დარჩენილი ოთხი მატჩი შემდეგი თანამიმდევრობით გაიმართება:

შაბათი, 1 აგვისტო

დინამო თბ – ჩიხურა

20:30. „დინამო არენა“ – თბილისი

ლოკომოტივი – ტორპედო

21:30. „მიხეილ მესხი 2 – არენა“. თბილისი

კვირა, 2 აგვისტო

საბურთალო – დილა

17:30. „მიხეილ მესხი – არენა“. თბილისი

დინამო ბთ – სამტრედია

21:00. „ჯონი ბაკურიძე – არენა“. ანგისა