კავკასიის უნივერსიტეტის მწვრთნელი - ჩემპიონატისთვის სულ ოთხი დღე ვემზადებოდით
კავკასიის უნივერსიტეტის მწვრთნელი - ჩემპიონატისთვის სულ ოთხი დღე ვემზადებოდით

ფუტსალის ლიგაში 2021 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრები თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. სეზონი „თბილისისა“ და „ილიაუნის“ მატჩით გაიხსნა, რომელშიც გამარჯვება „თბილისს“ დარჩა 3:2.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „თელასი” ლიგის დებიუტანტს, ამბიციურ კავკასიის უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და დასაწყისში აგებდა. „თელასმა“ ამის შემდეგ მდგომარეობა გამოასწორა – ვახტანგ ჯვარაშვილმა წონასწორობა აღადგინა, თემურ ექიზაშვილის დუბლმა კი „თელასს“ სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა 3:1.

ტურის დასკვნით მატჩში მოქმედი ჩემპიონი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ლიგის დებიუტანტ პსპ-ს შეხვდა და დამაჯერებლად, 6:2 დაამარცხა. მეორე ტურის მატჩები 24 იანვარს გაიმართება.

პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრის მონაწილეებმა სათამაშო დღე საქართველოს პირველ არხთან შეაფასეს და პანდემიის გამო შექმნილი პრობლემებიც არ დამალეს.

შოთა თოფურია, „თელასის“ და საქართველოს ნაკრების მოთამაშე: „ძლიერი მეტოქე გვყავდა და ძალიან სასიხარულია, რომ პირველი შეხვედრა მოვიგეთ. ფიზიკურად გაგვიჭირდა, რადგან გუნდში ცოტა ფეხბურთელი ვართ და თითოეულ ჩვენგანზე დიდი დატვირთვა მოდიოდა. ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა“.

შოთა ჭანუყვაძე, კავკასიის უნივერსიტეტის მთავარი მწვრთნელი: „ჩემმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ თამაში მოგვეგო. სამწუხაროა, რომ ეს ვერ შევძელით. დაგვაკლდა გამოცდილება და ვარჯიშები, რადგან ცნობილი მიზეზების გამო, ჩემპიონატისთვის მზადება ტურნირის დაწყებამდე მხოლოდ ოთხი დღით ადრე დავიწყეთ. ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა და მჯერა, გუნდს ამ ამოცანის გადაჭრა შეუძლია“.