კავკასიაში „იბიარდის“ რეგიონული დირექტორი - საქართველო „იბიარდის“ ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე სტაბილური პარტნიორია
კავკასიაში „იბიარდის“ რეგიონული დირექტორი - საქართველო „იბიარდის“ ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე სტაბილური პარტნიორია

საქართველო „იბიარდის“ (EBRD) ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე სტაბილური პარტნიორია, – ამის შესახებ კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. კატარინა ბიორლინ ჰანსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „იბიარდმა“ ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ორი წლის წინ „იბიარდი“ იყო ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელმაც რეგიონებში ინვესტიციების ჩადება დაიწყო, რამაც ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ხელშესახები შედეგი გამოიღო.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველო გეგმავს, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი უახლოეს რამდენიმე წელიწადში დაასრულოს და გადაერთოს ისეთ ახალ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, როგორიც განათლებაა. თავის მხრივ, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა აღნიშნა, რომ „იბიარდი“ მზად არის, განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოს მხარი დაუჭიროს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე ესწრებოდა.