კაუპო კანდი - ჰააგის სასამართლოს არ აქვს მანდატი, გამოიძიოს, ვინ დაიწყო ომი, გამოძიება ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ

ვინ დაიწყო ომი, ჩვენ არ გვაქვს მანდატი, ეს საკითხი გამოვიძიოთ, – ამის შესახებ საქართველოში ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კაუპო კანდმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„საქართველოს სიტუაციაში ჩვენ მხოლოდ სავარაუდოდ ჩადენილ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე ვმუშაობთ. თუკი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მანდატს შევხედავთ, ვნახავთ, რომ ჩვენ არ გვაქვს მანდატი, ამა თუ იმ ქვეყნის, დაჯგუფების ქმედება გამოვიძიოთ. ჰააგის სასამართლოს მანდატი დანაშაულზე ვრცელდება. ჰააგის სასამართლოს საგამოძიებო მანდატის მთავარ საგანს დანაშაულისთვის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს. უფრო მეტიც, ვიძიებთ ყველაზე მძიმე დანაშაულებს, რომლებმაც საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია“, – განაცხადა კაუპო კანდმა.

მისივე თქმით, გამოძიება ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

„ასე რომ, საქმე ქვეყნებში არ არის, არც ჯგუფებში. საქმე ეხებათ იმ ადამიანების პირად პასუხისმგებლობას, რომლებიც ყველაზე მეტად არიან პასუხისმგებელი დანაშაულებში, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაშია. ჩვენ არ ვიძიებთ ისეთ დანაშაულს, რომელზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია არ ვრცელდება“, – განაცხადა კაუპო კანდმა.

ამ განცხადებით კაუპო კანდმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არიან თუ არა ამ საქმეში კონკრეტული მხარეები და არის თუ არა ეს საქმე – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ან რამე მსგავსი.

გიორგი გვიმრაძის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჰააგის სასამართლო იკვლევს არა ვინ დაიწყო ომი, ან როგორ აწარმოებდნენ ომს, არამედ დანაშაულებს, რომლებიც ომის დროს, პირველი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე მონაკვეთში იქნა ჩადენილი,  – კაუპო კანდმა აღნიშნა, რომ სწორედ ასეა.

„ვიკვლევთ ყველა დანაშაულს კი არა, მხოლოდ ყველაზე სერიოზულს, რომლებმაც საერთაშორისო საზოგადოების ღრმა შეშფოთება გამოიწვია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კომპლემენტარულობის პრინციპით მუშაობს. ჩვენ უკანასკნელი ინსტანციის სასამართლო ვართ. რომის სტატუტის სისტემის მიხედვით, საქართველოს სუვერენული უფლებაა, გაასამართლოს მის ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულში პასუხისმგებელი ყველა პირი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს არ სურს ან არ შეუძლია მის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, საქმე შეიძლება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაეცეს. რომის სტატუტის წევრი ქვეყნის გარდა, მიმართვა შეუძლია გაერო-ს უშიშროების საბჭოს. ასევე პროკურორს, როგორც საქართველოს შემთხვევაში მოხდა, თავად შეუძლია დაიწყოს გამოძიება“, – განაცხადა კაუპო კანდმა.

როგორც კაუპო კანდმა აღნიშნა, ქართული მხარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობს და ამ კუთხით, რამე გამოწვევა, ან პრობლემა არ არსებობს.

„საქართველო რომის სტატუტის წევრი ქვეყანაა და როგორც წევრ ქვეყანასთან, კარგად ვთანამშრომლობთ. რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები რუსეთთან მიმართებაში. ისევე, როგორც „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიმართებაში. თუმცა, ვფიქრობ, ეს არაა გამორჩეული შემთხვევა. ჰააგის სასამართლო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუშაობს, ვაწარმოებთ მრავალ გამოძიებას, ვიძიებთ ბევრ სიტუაციას და სასამართლოსთან თანამშრომლობის კუთხით ერთნაირ წინააღმდეგობებს ვაწყდებით. რა თქმა უნდა, თუკი თანამშრომლობა საერთოდ არ არსებობს, ან შეზღუდულია, ეს ხელს უშლის სასამართლოს მუშაობას. თუმცა, გამოძიება მაინც გრძელდება. ამის მიუხედავად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მუშაობას აგრძელებს. რა თქმა უნდა, იდეალური სცენარისთვის უკეთესი იქნება, თუ სრული თანამშრომლობა იქნება, მაგრამ მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა და არის თუ არა შეზღუდული თანამშრომლობა, გამოძიებას ვაგრძელებთ“, – განაცხადა კაუპო კანდმა.