კატარის პრემიერი თეირანში ირანის პრეზიდენტსა და პარლამენტის სპიკერს შეხვდა
კატარის პრემიერ-მინისტრი, მოჰამედ აბდულრაჰმან ალ-თანი თეირანში ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანსა და ირანის პარლამენტის სპიკერს, მოჰამად ბაღერ ღალიბაფს შეხვდა.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრისას მხარეებმა რეგიონში განვითარებული მოვლენები, დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობები და დიალოგის განახლებისთვის შესაბამისი პირობების შექმნის საკითხები განიხილეს.
კატარის საგარეო უწყების ცნობით, ალ-თანიმ ხაზი გაუსვა დიპლომატიური პროცესის განახლების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ დიალოგი საუკეთესო გზაა უთანხმოებების მოსაგვარებლად და რეგიონში დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
თავის მხრივ, ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გააკრიტიკა.
„ტრამპის ადმინისტრაცია ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ვაშინგტონი ირანელი ხალხის ინტერესებს უტევს და რეგიონში ხანგრძლივ არასტაბილურობას იწვევს“, – განაცხადა ღალიბაფმა.
თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ თეირანი ირანელი ხალხის კანონიერი უფლებების აღიარებას ითხოვს და ზეწოლასა და იძულებას არ დაემორჩილება.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა თავისი კანონიერი უფლებების მიღმა არაფერს ითხოვს და ზეწოლასა და იძულებას არ დაემორჩილება“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ ამ დროისთვის აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.