კატარის ნაკრების მწვრთნელი - ეს საშინელი დასაწყისი იყო #1TVSPORT
კატარის ნაკრების მწვრთნელი - ეს საშინელი დასაწყისი იყო #1TVSPORT

კატარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფელიქს სანჩესმა ეკვადორის ნაკრებთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში წაგების შესახებ (0:2) ისაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგით უკმაყოფილო გულშემატკივრების ნაწილმა ტრიბუნები შეხვედრის დასრულებამდე დატოვა, სანჩესმა მათ მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გუნდი ხალხის მხარდაჭერას გრძნობდა.

„სიმართლე გითხრათ, იმდენი სამუშაო მაქვს, რომ ტრიბუნებისკენ გახედვის დრო არ მქონდა. თუმცა, ვგრძნობდით მხარდაჭერას და იმედი გვაქვს, რომ მომავალ თამაშებში ხალხი თავს უფრო ამაყად და ბედნიერად იგრძნობს და მხარს ტურნირის ბოლომდე დაგვიჭერს.

სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო. ხალხი ამ თამაშს მოუთმენლად ელოდა. ვიცოდით, რომ შეიძლება წაგვეგო. შევეცდებით, დღევანდელი დამარცხებიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და შეცდომები გამოვასწოროთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყოველი მომდევნო მატჩით ხალხი უფრო ბედნიერად იგრძნობს თავს.

ამ წაგებას არანაირი გამართლება არ აქვს, გვინდა მივულოცოთ მეტოქეებს, ისინი იმსახურებდნენ გამარჯვებას. როგორ უნდა გავაუმჯობესოთ თამაში? ამის მრავალი შესაძლებლობა არსებობს. შესაძლოა, მოთამაშეებზე დიდმა პასუხისმგებლობამ და ნერვიულობამ ნეგატიურად იმოქმედა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ასე ცუდად ამიტომ დავიწყეთ. ეს მართლაც საშინელი დასაწყისი იყო“, – განაცხადა კატარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

21 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატზე სამი მატჩი გამიმართება – A ჯგუფში ნიდერლანდები სენეგალს შეხვდება, B ჯგუფში ინგლისი – ირანს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები – უელსს. მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.