კატარის ნაკრები აზიის თასის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა #1TVSPORT
კატარის ნაკრები აზიის თასის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა #1TVSPORT

აზიის თასის ფინალში კატარის ეროვნულმა ნაკრებმა იორდანია 3:1 დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

აზიის თასს წელს კატარი მასპინძლობდა და ტურნირის ფინალი ლუსაილის სტადიონზე გაიმართა. ეს ის ადგილია, სადაც 2022 წელს არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა.

კატარისა და იორდანიის ნაკრებების შეხვედრის მთავარი გმირი კატარელთა თავდამსხმელი აკრამ აფიფი გახდა, მან იორდანიის კარის მიმართულებით დანიშნული სამივე პენალტი გამოიყენა და ჰეთთრიქი შეასრულა. იორდანიის ნაკრების რიგებიდან კი თავის გამოჩენა ალ ნაიმატმა მოახერხა.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი აკრამ აფიფი გახდა, მან ტურნირზე რვა გოლი გაიტანა. საუკეთესო მეკარედ კი ასევე კატარელთა კარის დარაჯი მეშაალ ბარშამი დაასახელეს.

2019 წელს კატარის ეროვნულმა ნაკრებმა აზიის თასის ფინალში იაპონიასაც 3:1 მოუგო.