კატარის მუნდიალის შემდეგ გვარდიოლის ფასი გაიზარდა - ხორვატები სატრანსფერო ბაზარზე კიდევ უფრო გაძვირდნენ #1TVSPORT
კატარის მუნდიალის შემდეგ გვარდიოლის ფასი გაიზარდა - ხორვატები სატრანსფერო ბაზარზე კიდევ უფრო გაძვირდნენ #1TVSPORT

ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებმა კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ზლატკო დალიჩის რჩეულებმა დიდი სიმპათია დაიმსახურეს. რა თქმა უნდა, ხორვატების წარმატება „ტრანსფერმარკტზე“ გამოქვეყნებულ ფასებზეც უმალ აისახა. ყველაზე მეტად თვალში საცემი ახალგაზრდა იოშკო გვარდიოლის პროგრესია – 20 წლის მცველის ტრანსფერი მსოფლიო ჩემპიონატამდე 60 მილიონი ევრო ღირდა, ახლა კი მისი ოფიციალური ღირებულება 75 მილიონი გახდა.

იმის მიუხედავად, რომ ამ ქვეყანას მდიდარი საფეხბურთო ტრადიციები გააჩნია (ორჯერ – მსოფლიო ჩემპიონატის მესამეადგლოსანი, ერთხელ კი ვიცეჩემპიონი გახდა) და გამორჩეული მოთამაშეებიც მრავლად ჰყავდა, ხორვატ ფეხბურთელს ასეთი შეფასება აქამდე არ ჰქონია.

მანამდე რეკორდი ივან რაკიტიჩს ეკუთვნოდა, რომლის ფასი 2018 წელს 70 მილიონი ევრო იყო. გასაკვირია, მაგრამ ლუკა მოდრიჩის ტრანსფერის მაქსიმალური ღირებულება 2014 წელს 55 მილიონი ევრო გახლდათ.

გვარდიოლის გარდა, მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩის ღირებულება 14 მილიონ ევრომდე გაიზარდა (ჩემპიონატამდე 8,5 მილიონი ევრო იყო). კიდევ ერთი მოთამაშე, რომლის ფასმაც მკვეთრად მოიმატა, იოსიპ იურანოვიჩია – მსოფლიო ჩემპიონატამდე მისი შეფასება 6 მილიონი ევრო იყო, ახლა კი 9 მილიონია.