კატარი 2022 | ზლატკო დალიჩი - მაროკოს ნაკრები 2018 წლის ხორვატიას მაგონებს #1TVSPORT
კატარი 2022 | ზლატკო დალიჩი - მაროკოს ნაკრები 2018 წლის ხორვატიას მაგონებს #1TVSPORT

მაროკოს ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შეიძლება, შევადაროთ ხორვატიას, რომელიც 2018 წელს რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა, – ამის შესახებ ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა განაცხადა.

„მაროკოსთან შეხვედრა ჩვენთვის ფინალის ტოლფასი, მნიშვნელოვანი მატჩი და მედლისთვის ბრძოლაა. მეტოქეს პატივს ვცემთ, ეს გუნდი ტურნირის ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზია. ისინიც ჩვენზე ამავეს ფიქრობენ. ხორვატიისთვის ეს ამ ჩემპიონატში მეშვიდე მატჩია, მათგან ორში 120 წუთი ვითამაშეთ. გვაქვს პრობლემები – ტრავმები აწუხებთ იურანოვიჩს, ბროზოვიჩს, გვარდიოლს. ისეთი რაღაც ხდება, რასაც არ ველოდით.

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიის ნაწილია. მაშინ მთელმა მსოფლიომ პირველად შეიტყო ხორვატიის შესახებ. ახლა ცოტა სხვა სიტუაციაა, რადგან ოთხი წლის წინ რუსეთში მივაღწიეთ წარმატებას. რა თქმა უნდა, გვინდა, ჩვენი ხალხი ბრინჯაოს მედლით გავახაროთ. შესაძლოა, 1998 წელს მოპოვებულ ბრინჯაოს უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველი დიდი წარმატება იყო.

მაროკოს ნაკრები 2018 წლის ხორვატიის ნაკრებს მახსენებს. ჩვენგანაც არავინ ელოდა შორს წასვლას. მაროკოელებმა ამ შედეგს თამაშის მაღალი ხარისხისა და შემართების წყალობით მიაღწიეს. თამაშიდან თამაშამდე უმატებდნენ და ვფიქრობ, ახლა უფრო რთული მატჩი გვექნება, ვიდრე ჯგუფურ ეტაპზე“, – განაცხადა დალიჩმა tportal.hr-თან საუბრის დროს.

ხორვატიისა და მაროკოს ნაკრებებმა ტურნირი ერთ ჯგუფში დაიწყეს, მათი პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა. კატარში მსოფლიო ჩემპიონატზე ეს გუნდები მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს 17 დეკემბერს დაუპირისპირდებიან, შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.