კატარი 2022 |  პირველი პენალტების სერია მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე - მეოთხედფინალში ხორვატია გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
კატარი 2022 |  პირველი პენალტების სერია მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე - მეოთხედფინალში ხორვატია გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

 

 

 

მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი ხორავტიის ნაკრები მერვედფინალურ შეხვედრაში იაპონიას შეხვდა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ ხმაურიანი სენსაციები შესთავაზა გულშემატკივრებს – მოუგო მსოფლიოს ორ ჩემპიონს, გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებებს და პლეი ოფში პირველი ადგილით გავიდა.

აქამდე იაპონია და ხორვატია მსოფლიო ჩემპიონატებზე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ – 1998 წელს ხორვატებმა 1:0 მოიგეს, 2006 წელს კი მათი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

პირველი ტაიმის საწყის წუთებში თანაბარი ორთაბრძოლა წარიმართა, შემდეგ კი ხორვატების უპირატესობა გამოიკვეთა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს. თუმცა კონტრშეტევებზე იაპონელებმაც აგრძნობინეს მეტოქეს, რომ სტატისტის როლში ყოფნას არ აპირებდნენ.

ტაიმის ბოლო ათწუთეულში აზიელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და კარგი, გააზრებული შეტევები განავითარეს, რომელთაგან ერთ-ერთი 43-ე წუთზე გოლით დასრულდა – ანგარიში დაიზენ მაედამ გახსნა და შესვენებაზე იაპონელები გამარჯვებულები გავიდნენ.

მეორე ტაიმი, ბუნებრივია, ხორვატებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და 65-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს – გოლი ივან პერიშიჩმა გაიტანა. მალევე გატანა ლუკა მოდრიჩსაც შეეძლო, რომელმაც შორიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ იაპონელთა მეკარემ, შუიჩი გონდამ ურთულესი ბურთი მოიგერია.

76-ე წუთზე მოედნის ცენტრში იაპონელებმა შეცდომა დაუშვეს და ხორვატებს კარგი კონტრშეტევის შესაძლებლობა მიეცათ, ივან პერიშიჩი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და შეეძლო ამ შეხვედრაში დუბლი შეესრულებინა, მაგრამ ბოლო მომენტში მიზანმა უმტყუნა.

ძირითადი დროის ბოლო ათწუთეულში გუნდებმა ტემპი დააგდეს და ზედმეტ რისკს მოერიდნენ. საბოლოოდ, შეხვედრის ძირითადმა დრო გამარჯვებული ვერ გამოავლინა და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი დამატებითი დრო დაინიშნა.

პირველი ექსტრატაიმი გუნდებმა დაბალ ტემპში დაიწყეს და სახიფათო მომენტებიც ნაკლებად შეიქმნა. ტაიმის ბოლოს გოლის გატანის კარგი შანსი იაპონიის ნაკრებს ჰქონდა, მაგრამ მინამინოს დარტყმული ხორვატების მეკარე ლივაკოვიჩმა მოიგერია.

დამატებული დროის მეორე ტაიმში გუნდებმა უფრო ფრთხილად ითამაშეს. ბოლო წუთზე ხორვატებს ჰქონდათ შანსი, მაგრამ მაიერმა დაარტყა არაზუსტად და საბოლოოდ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც ხორვატების მეკარემ, დომინიკ ლივაკოვიჩმა სამი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და მეოთხედფინალში სწორედ მისი გუნდი გავიდა.