კატარი 2022 | მოგება დაძაბულ ბრძოლაში - ნიდერლანდებმა სენეგალი 2:0 დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
კატარი 2022 | მოგება დაძაბულ ბრძოლაში - ნიდერლანდებმა სენეგალი 2:0 დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 სატურნირო დღეს, ინგლისისა და ირანის ნაკრებების უხვგოლიანი მატჩის შემდეგ, A ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ნიდერლანდების ნაკრები აფრიკის ჩემპიონს, სენეგალს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:0 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში გუშინ, 20 ნოემბერს პირველი შეხვედრა გაიმართა – ეკვადორმა მასპინძელ კატარს მარტივად, 2:0 მოუგო.

მუნდიალის დაწყების წინ სენეგალის ნაკრებმა მძიმე დარტყმა მიიღო – გუნდს მთავარი ლიდერი, მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევი, სადიო მანე გამოაკლდა. აღსანიშნავია ნიდერლანდელთა დანაკლისიც – ჟორჟინიო ვეინალდუმმა სეზონის დასაწყისში მძიმე ტრავმა მიიღო და შესაბამისად, კატარში ვან გაალის გუნდს ვერ ეხმარება.

 

პირველი ტაიმი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ სახიფათო მომენტებს ნიდერლანდელები ქმნიდნენ. მე-19 წუთზე ბერგუინმა ფლანგზე ბურთი ბერგუისს გააყოლა, რომელმაც დე იონგი დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა, მაგრამ „ბარსელონას“ ნახევარმცველმა დარტყმა ვერ მოახერხა და სახიფათო მომენტი ვერ გამოიყენა. სენეგალელთა მხრიდან კარგად გამოიყურებოდა ისმაილა სარი, რომელმაც 25-ე წუთზე საჯარიმოსთან ახლოს დუმფრისი მარტივად მოატყუა, მაგრამ მის დარტყმას ვირჯილ ვან დეიკი გადაეღობა. ტაიმის მიწურულს მომენტი ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში პირველი მომენტი ნიდერლანდებმა 53-ე წუთზე შექმნა – კუთხურის შემდეგ კარში ვან დეიკმა დაარტყა და მცირე მანძილით ააცილა. 65-ე წუთზე სენეგალელებმა ცენტრში ფრენკი დე იონგს ბურთი აართვეს და სახიფათო მომენტი შექმნეს – მეკარეს ახლო კუთხეში ბულაიე დიამ დაურტყა, მაგრამ ანდრის ნოპერტი სწორ პოზიციაზე იმყოფებოდა და ბურთი მარტივად მოიგერია. მატჩის ბედი 84-ე წუთზე შექმნილმა მომენტმა გადაწყვიტა – დე იონგმა საჯარიმოში შესანიშნავი პასი გაუკეთა კოდი გაკპოს, რომელმაც თავური დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა. დამატებულ დროში, 99-ე წუთზე ნიდერლანდების უპირატესობა ორამდე გაზარდა კლაასენმა. საბოლოო ჯამში, ვან გაალის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულა მოიპოვა.

 

ნიდერლანდების ნაკრები შემდეგ შეხვედრაში 25 ნოემბერს ეკვადორს დაუპირისპირდება, სენეგალი კი კატართან შეეცდება 3 ქულის მოპოვებას.

A ჯგუფი

ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში
I ტური 20.11.2022 20:00 კატარი-ეკვადორი 0:2
I ტური 21.11.2022 20:00 სენეგალი-ნიდერლანდები 0:2
II ტური 25.11.2022 17:00 კატარი-სენეგალი :
II ტური 25.11.2022 20:00 ნიდერლანდები-ეკვადორი :
III ტური 29.11.2022 19:00 ეკვადორი-სენეგალი :
III ტური 29.11.2022 19:00 ნიდერლანდები-კატარი :

 

A ჯგუფი
1 ნიდერლანდები 1 1 0 0 2-0 3
2 ეკვადორი 1 1 0 0 2-0 3
3 სენეგალი 1 0 0 1 0-2 0
4 კატარი 1 0 0 1 0-2 0