კატარი 2022 | მატჩი მესამე ადგილისთვის - ხორვატიამ მაროკო დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
კატარი 2022 | მატჩი მესამე ადგილისთვის - ხორვატიამ მაროკო დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ერთმანეთს ხორვატიისა და მაროკოს ნაკრებები შეხვდნენ. თამაში ხორვატიის ნაკრებმა 2:1 მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მუნდიალის დასრულებამდე კი მთავარი მატჩი დარჩა – 18 დეკემბერს, ფინალში ერთამანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდებიან, მატჩი 19:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატია და მაროკო F ჯგუფში ერთად მოხვდნენ, მაშინ მათი შეხვედრა 0:0 დასრულდა. მაროკოს ნაკრები მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა და პლეი ოფის მატჩებში ჯერ ესპანეთი გამოთიშა მსოფლიო ჩემპიონატს (პენალტების სერიაში), შემდეგ კი – პორტუგალია და ოთხ საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა, რასაც ჩემპიონატის დაწყების წინ ცოტა ვინმე თუ იწინასწარმეტყველებდა. მაროკოელებმა ნახევარფინალში დიდი ბრძოლა გაუმართეს საფრანგეთის ნაკრებს, მაგრამ საბოლოოდ 0:2 დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის განაგრძეს ბრძოლა.

საკმაოდ მძიმე გზა გაიარა მუნდიალზე ხორვატიის ნაკრებმაც, რომელმაც ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა, მერვედფინალში პენალტების სერიაში იაპონია დაამარცხა. დრამატული მატჩი ჩაატარეს ხორვატებმა მეოთხედფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ, სადაც ასევე პენალტების სერიაში აჯობეს მრისხანე მეტოქეს და ნახევარფინალში გავიდნენ. იქ კი უკვე ვარაფერს გახდა არგენტინის ნაკრებთან – 0:3.

მესამე ადგილისთვის შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო, ხორვატებმა ანგარიში მე-7 წუთზე იოშკო გვარდიოლის გოლით გახსნეს, მაგრამ მაროკომ მალევე გაათანაბრა. თამაში სწრაფ ტემპში და სანახაობრივად გაგრძელდა, მომენტები ორივე კართან შეიქმნა, ტაიმის ბოლოს კი ხორვატების შეტევა ორშიჩის ლამაზი გოლით დასრულდა და ტაიმი მათ 2:1 მოიგეს.

ხორვატებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს და შეძლეს რამდენიმე მომენტის შექმნა, რის შემდეგაც მათი მეტოქეც გააქტიურდა და თამაშის გადასარჩენად შეტევაში წავიდა, თუმცა რეალური ხიფათის შექმნა ლივაკოვიჩის კართან ვერ მოახერხა.

საბოლოოდ, მატჩი ხორვატების გამარჯვებით დასრულდა, გასული მუნდიალის ვიცე-ჩემპიონმა მსოფლიო ჩემპიონატი მედლის გარეშე არც ამჯერად დატოვა. ხორვატიამ 1998 წლის მიღწევა გაიმეორა და მეორედ გახდა მუნდიალის ბრინჯაოს პრიზიორი. ხორვატიის ნაკრების გამარჯვებამ ერთგვარი ტრადიციაც გააგრძელა – ბოლო ათ მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩს ყოველთვის ევროპული ნაკრები იგებს. მაროკოსთვის კი ოთხეულში მოხვედრა ნამდვილად ისტორიული შედეგია – აფრიკულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატებზე ასეთი მიღწევა არასოდეს ჰქონია.