კატარი 2022 | მამა მინისტრი, მეუღლე მოდელი, თავად მომავალი დიპლომატი - ვინ არის ხორვატიის ნაკრების მეკარე  დომინიკ ლივაკოვიჩი #1TVSPORT
კატარი 2022 | მამა მინისტრი, მეუღლე მოდელი, თავად მომავალი დიპლომატი - ვინ არის ხორვატიის ნაკრების მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩი #1TVSPORT

ხორვატიის ნაკრები ზედიზედ მეორედ ხდება მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი სენსაცია: 2018 წელს ბალკანელები ფინალში გავიდნენ, ახლა კი მუნდიალის ერთ-ერთი ფავორიტი ბრაზილიის ნაკრები ტურნირს გამოთიშეს და ზედიზედ მეორედ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებების ოთხეულში მოხვდნენ.

ხორვატების ამ წარმატებაში ერთ-ერთი მთავარი როლი მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩმა ითამაშა. ზაგრების „დინამოსა“ და ხორვატიის ნაკრების გოლკიპერმა იაპონელებთან სამი პენალტი მოიგერია, რაც მუნდიალებზე მხოლოდ მესამედ მოხდა. ბრაზილიასთან მატჩში კი აჩვენა, რომ გმირობისთვის ტოპგუნდებთან მატჩების დროსაც მზად არის.

დომინიკ ლივაკოვიჩის სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაიწყო – ხორვატიის ნაკრებში სადებიუტო მატჩი 11 იანვარს, ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. დანიელ სუბაშიჩის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ მწვრთნელებმა თავიდან არჩევანი ლოვრა კალინიჩზე გააკეთეს, მაგრამ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მისმა წარუმატებელმა თამაშმა გზა ლივაკოვიჩს გაუხსნა და უკვე მესამე წელია, ის ხორვატიის ნაკრების ძირითად მეკარედ ითვლება. მან ეროვნულ გუნდში 38 მატჩში ჩაატარა, დღეს კი უკვე ხორვატიის გმირია.

ბავშვობაში ლივაკოვიჩი ოცნებობდა, გამხდარიყო კალათბურთელი, რადგან ცნობილი ხორვატი ცენტრის, ნიკოლა ვუიჩიჩის გულშემატკივარი იყო, მაგრამ ბოლოს მაინც ფეხბურთი აირჩია. დომინიკის საფეხბურთო კარიერა 2012 წელს „ზაგრებში“ დაიწყო. 2015 წელს კონტრაქტი გააფორმა ზაგრების „დინამოსთან“. მისი ტრანსფერი კლუბს 625 000 ევრო დაუჯდა. ლივაკოვიჩი, რომელსაც იანვარში 28 წელი შეუსრულდება, კვლავ მშობლიურ ჩემპიონატში თამაშობს და ბრწყინვალედ იცავს ზაგრებელთა კარს. თუმცა კატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ევროპული გრანდები მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენის გადაბირებას შეეცდებიან და ამისთვის სოლიდური თანხის დახარჯვაც მოუწევთ.

ლივაკოვიჩი ფეხბურთელის აქტიური კარიერის გაგრძელებას დაახლოებით 35 წლამდე აპირებს, რის შემდეგაც საზოგადოებრივი ან პოლიტიკური კარიერის დაწყებას გეგმავს, რაზეც გავლენას, გარკვეულწილად, მისი ოჯახური მდგომარეობაც ახდენს – მისი მამა, ზდრავკო ლივაკოვიჩი, პროფესიით ინჟინერია, ის ხორვატიის ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო.

„უნივერსიტეტში დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესასწავლად ჩავაბარე. ჯერჯერობით სწავლისთვის დრო არ მრჩება, მაგრამ კარიერის ბოლოს დიპლომს ავიღებ. განსაკუთრებით, გარემოს დაცვითი საკითხები მაინტერესებს“, – განაცხადა ხორვატიის საუკეთესო მეკარემ.

დომინიკს არანაკლებ ცნობილი მეუღლე ჰყავს. 2022 წლის ზაფხულში ის ხორვატ მოდელზე, ჰელენა მატიჩზე დაქორწინდა, რომელიც  წლების განმავლობაში ფიგურული სრიალით იყო დაკავებული, თუმცა მუხლის ტრავმის გამო კარიერა ნაადრევად დაასრულა, ახლახან კი ტექსტილის ტექნოლოგიების ფაკულტეტი დაამთავრა.