კატარი 2022 | კონტეინერებით აწყობილი სტადიონი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაშლიან #1TVSPORT
კატარი 2022 | კონტეინერებით აწყობილი სტადიონი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაშლიან #1TVSPORT

მას ჰქვია „სტადიონი 974“ და მალე ვიხილავთ კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე – ეს მრავალი თვალსაზრისით უნიკალური არენაა, რომელიც, დიდი ალბათობით, მუნდიალის შემდეგ დაიშლება.

ეს სტადიონი უნიკალურია იმიტომ, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი საფეხბურთო არენაა, რომელიც დროებითია და მუნდიალის დასრულების შემდეგ მისი დემონტაჟი და მასალების გადამუშავდება იგეგმება.

მაგრამ არის მეორე და უფრო საინტერესო ვარიანტი – სტადიონს დაშლიან და გემით სამხრეთ ამერიკაში წაიღებენ – კერძოდ, ურუგვაიში. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ურუგვაი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას მოიპოვებს.

„სტადიონი 974“ განსაკუთრებულია იმით, რომ მის ასაშენებლად 974 კონტეინერი გამოიყენეს. მისი სახელი კი მომდინარეობს როგორც კონკრეტულად გამოყენებული კონტეინერების რაოდენობიდან, ასევე კატარის საერთაშორისო სატელეფონო კოდიდან (+974).

სტადიონი 40 000 მაყურებელზეა გათვლილი, არის ხუთვარსკვლავიანი და მდებარეობს დოჰაში, რას აბუ აბუდის რაიონში. ამ უჩვეულო არენაზე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ექვსი და მერვედფინალის ერთი მატჩი ჩატარდება.