კატარი 2022 | კანელო ალვარესმა მესის ბოდიში მოუხადა #1TVSPORT
კატარი 2022 | კანელო ალვარესმა მესის ბოდიში მოუხადა #1TVSPORT

თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო მოკრივემ, მექსიკელმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა საულ „კანელო“ ალვარესმა ბოდიში მოუხადა არგენტინის ნაკრების ფორვარდს ლიონელ მესის მისი მისამართით წარმოთქმული მუქარის სიტყვების გამო.

„ბოლო დღეებში საკუთარ თავს არ ვგავდი ჩემი სამშობლოს მიმართ სიყვარულის გამო. აქედან გამომდინარე, მიუღებელი კომენტარები გავაკეთე, რის გამოც მინდა ბოდიში მოვიხადო მესისა და არგენტინელი ხალხის მიმართ. ყოველდღე ვიგებთ რაღაც ახალს და ამჯერად, ჩემი ჯერი იყო“, – დაწერა ალვარესმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და მექსიკის ნაკრებების მატჩის შემდეგ, მესიმ მაისური გაუცვალა ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს. მოგვიანებით გაჩნდა ვიდეო არგენტინის ნაკრების გასახდელიდან, რომელშიც ჩანს, რომ მესიმ მექსიკის ნაკრების მაისური იატაკზე დააგდო, შემდეგ მას ფეხი წაკრა. ამ სიტუაციამ აღაშფოთა ალვარესი და არგენტინის ნაკრების კაპიტანს დაემუქრა „მექსიკის ნაკრების მაისურისა და დროშის შეურაცხყოფის“ გამო.