კატარი 2022 | ჯგუფური ეტაპი დასრულდა - მერვედფინალში ბრაზილიასთან ერთად შვეიცარია ითამაშებს #1TVSPORT
კატარი 2022 | ჯგუფური ეტაპი დასრულდა - მერვედფინალში ბრაზილიასთან ერთად შვეიცარია ითამაშებს #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფის დასკვნით მატჩებში ერთმანეთს კამერუნი-ბრაზილია და სერბეთი-შვეიცარია დაუპირისპირდნენ. ბრაზილიამ პირველი ორი შეხვედრა მოიგო და ჯგუფს ექვსი ქულით ლიდერობდა, დანარჩენი სამი ნაკრები: შვეიცარია (სამი ქულა), სერბეთი (ერთი ქულა) და კამერუნი (ერთი ქულა) პლეი-ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებდა.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, ბრაზილია ბურთს აკონტროლებდა და კამერუნელები მეორე ნომრად თამაშობდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა. პირველ ტაიმში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა.

მატჩის მეორე ნახევარიც პირველს ჰგავდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიას მომდევნო ეტაპზე გასვლა გარანტირებული ჰქონდა და ძირითადად სათადარიგო ფეხბურთელებით თამაშობდა, ტერიტორიულ უპირატესობას მაინც სამხრეთამერიკელები ფლობდნენ. თუმცა თამაშს სიმწვავე აკლდა და საგოლე მომენტები კვლავ იშვიათი სანახავი იყო.

მოულოდნელად, ანგარიში კამერუნელებმა გახსნეს. 90+3-ე წუთზე კამერუნის შეტევა აბუბაქარმა გოლით დააგვირგვინა და აფრიკელებმა მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ნაკრები დაამარცხეს – 1:0.

 

შვეიცარიას მომდევნო ეტაპზე გასასვლელად სერბეთთან ფრეც აძლევდა ხელს, თუმცა ღირსეულად იბრძოლა, დაცვაში არ ჩადგა, მეტოქის შეტევებს არ დაელოდა და დამსახურებულად გავიდა მერვედფინალში. მატჩი მეტად დრამატული გამოდგა:

შვეიცარიელებმა სახიფათო კონტშეტევით ანგარიში მე-19 წუთზე შაქირის გოლით გახსნეს 1:0. აღსანიშნავია, რომ რონალდოსა და მესის შემდეგ, შაქირი მესამე ფეხბურთელია, ვინც ბოლო სამ მუნდიალზე გოლი გაიტანა.

თუმცა ძალიან მალე, 26-ე წუთზე სერბებმა ანგარიში მიტროვიჩის გოლით გაათანაბრეს – 1:1. ფრე ტაბლოზე დიდ ხანს არ შენარჩუნებულა. სერბეთის ნაკრების მორიგი შეტევა 35-ე წუთზე ვლაჰოვიჩმა გოლად აქცია და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა – 2:1.

სერბების ზეიმი დიდხანს არ გაგრძელებულა. პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე შვეიცარიელების შეტევა ემბოლომ დააგვირგვინა და ყველაფერი თავიდან დაიწყო – 2:2.

მეორე ტაიმიც მაღალ ტემპში განახლდა და ორივე ნაკრები შეტევას ცდილობდა. ამჯერად შვეიცარიელებმა იმარჯვეს და 48-ე წუთზე ვარგასის გოლით დაწინაურდნენ – 3:2. მატჩში დაძაბულობა და მაღალი ტემპი მსაჯის სასტვენამდე შენარჩუნდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და შვეიცარიამ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

G ჯგუფი

ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში
I ტური 24.11.2022 14:00 შვეიცარია-კამერუნი 1:0
I ტური 24.11.2022 23:00 ბრაზილია-სერბეთი 2:0
II ტური 28.11.2022 14:00 კამერუნი-სერბეთი 3:3
II ტური 28.11.2022 20:00 ბრაზილია-შვეიცარია 1:0
III ტური 02.12.2022 23:00 სერბეთი-შვეიცარია 2:3
III ტური 02.12.2022 23:00 კამერუნი-ბრაზილია 1:0

 

G ჯგუფი
1 ბრაზილია 3 2 0 1 3-1 6
2 შვეიცარია 3 2 0 1 4-3 6
3 კამერუნი 3 1 1 1 4-4 4
4 სერბეთი 3 0 1 2 5-8 1