კატარი 2022 | ჰაჯიმე მორიასუმ მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიის ნაკრების გამოსვლა შეაფასა #1TVSPORT
კატარი 2022 | ჰაჯიმე მორიასუმ მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიის ნაკრების გამოსვლა შეაფასა #1TVSPORT

იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰაჯიმე მორიასუმ მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში ხორვატიასთან მარცხზე (1:1, 1:3 პენალტებით) ისაუბრა და თავისი ნაკრების კატარში გამოსვლა Reuters-თან საუბრის დროს შეაფასა.

„ვფიქრობ, მეტოქის დიდი წნეხის ქვეშ მოვექეცით და ამიტომ ვერაფერი მოვახერხეთ. მოთამაშეებმა გამბედაობა გამოიჩინეს, მოედანზე 120 წუთი გაატარეს და პენალტები შეასრულეს. მინდა, შევაქო ჩემი ფეხბურთელები გაწეული ძალისხმევისთვის, უზარმაზარი წნეხის მიუხედავად, ისინი ბოლომდე იბრძოდნენ.

რა თქმა უნდა, მოგება გვინდოდა, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო რვა გუნდისკენ მიმავალ გზაზე წინააღმდეგობა ვერ გადავლახეთ. ჩვენმა ფეხბურთელებმა აჩვენეს, რომ იაპონურ ფეხბურთში ახალი ერა დადგა და დარწმუნებული ვარ, მომავალში ამ ბარიერის გადალახვასაც შევძლებთ.

ჩვენ დავამარცხეთ მსოფლიო ჩემპიონები – გერმანია და ესპანეთი. დარწმუნებული უნდა ვიყოთ ჩვენს შესაძლებლობებში. ვფიქრობ, იაპონურ ფეხბურთს მომავალი აქვს“, – განაცხადა ჰაჯიმე მორიასუმ.