კატალონიის სეპარატისტმა ლიდერებმა ევროპარლამენტში ადგილები მოიპოვეს
კატალონიის სეპარატისტმა ლიდერებმა ევროპარლამენტში ადგილები მოიპოვეს

კატალონიის სეპარატისტმა ლიდერებმა ევროკავშირის პარლამენტში ადგილები მოიპოვეს. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ეგზიტპოლების შედეგები აჩვენებს, რომ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვეს კარლეს პუიჩდემონმა, რომელიც ამჟამად ბელგიაში ცხოვრობს და ორიოლ ჯანქერასმა, რომელიც ამბოხების ბრალდებით ესპანეთშია დაპატიმრებული.

პატიმრობაში მყოფი ჯანქერასის მსგავსად, ახალი უფლებამოსილების შესრულებას ვერც კარლეს პუიჩდემონი შეძლებს, რადგან ამისთვის კატალონიის სეპარატისტული მოძრაობის ლიდერი ესპანეთში უნდა დაბრუნდეს, სადაც მას ასევე პატიმრობა ემუქრება.

„ევრონიუსი“ წერს, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის სოციალისტური პარტია ევროპარლამენტში ქვეყნის 54 ადგილიდან სავარაუდოდ 18-ს დაიკავებს. თავისი ისტორიის განმავლობაში პირველად, ევროპარლამენტში შედის ანტიიმიგრაციული პარტია „ვოქსი“, რომელიც ოთხ ან ხუთ მანდატს მიიღებს.