ლირიმ კასტრატიმ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებთან (1:0) გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. კოსოვოს მხარის ნაკრებისა და ვარშავის „ლეგიას“ ფლანგის თავდამსხმელს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ გიორგი ლორიამ კარგად ითამაშა და არ გაატანინა. ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების დაცვას არაერთი პრობლემა შეუქმნა.
კასტრატის თქმით, ბედნიერია გამარჯვებით და დარწმუნებულია, რომ კოსოვოს ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგაც წარმატებით ითამაშებს.
„მოგების გემო გავიხსენეთ. სამწუხაროდ, გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან გავუშვი. თუმცა, მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა ჩვენ გვაქვს მოტივაცია. თუმცა ვფიქრობ, კარგ ფორმაში არ ვართ. თავს ცუდად ვიგრძნობდი, ეს მატჩი რომ არ მოგვეგო. დარწმუნებული ვარ, რომ საბერძნეთის ნაკრებთანაც წარმატებას მივაღწევთ. იმ მატჩში მილოტ რაშიცა დაგვიბრუნდება და მჯერა, კიდევ უფრო უკეთეს ფეხბურთს ვაჩვენებთ“, – განაცხადა ლირიმ კასტრატიმ.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში 4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 1 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო კოსოვოს ნაკრებმა 3 მატჩში 3 ქულა დააგროვა და მესამე პოზიციაზეა. 5 სექტემბერს საქართველო ბადახოსში ესპანეთს ეთამაშება, ხოლო კოსოვო საბერძნეთს მიიღებს და 8 სექტემბერს ესპანეთს დაუპირისპირდება.