კაშკაშა ახალგაზრდა ტალანტების შოუ A შესარჩევ ჯგუფში - უეფა საქართველოს ჯგუფს გამოეხმაურა #1TVSPORT
კაშკაშა ახალგაზრდა ტალანტების შოუ A შესარჩევ ჯგუფში - უეფა საქართველოს ჯგუფს გამოეხმაურა #1TVSPORT

უეფა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში А ჯგუფი, სადაც საქართველოს ნაკრები მოხვდა, ახალგაზრდა ტალანტების სიმრავლით გამოარჩია.

„კაშკაშა ახალგაზრდა ტალანტების შოუ A შესარჩევ ჯგუფში“, – ასე შეაფასა უეფა-მ წილისყრა და ესპანელი პედრის, ქართველი კვარაცხელიასა და ნორვეგიელი ჰალანდის ფოტო გამოაქვეყნა.

ნორვეგიის ნაკრების და „მანჩესტერს სიტის“ 22 წლის თავდამხმელი ერლინგ ჰალანდი, სერბ ალეკსანდარ მიტროვიჩთან ერთად, 6 გოლით ერთა ლიგის B დივიზიონის და ზოგადად, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ნორვეგიის ნაკრებში ჩატარებულ 23 მატჩში 21 გოლი გაიტანა – ანუ საშუალოდ 0.91 გაჰქონდა მატჩში.

საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ 21 წლის ფლანგის შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 19 მატჩში 10 გოლი გაიტანა, რაც ფლანგის მოთამაშისთვის მშვენიერი შედეგია. ხვიჩა 5 გოლით, კოსოვოელ ვედატ მურიქთან ერთად, C დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მთლიანად ტურნირზე კი ჰaლანდი-მიტროვიჩის შემდეგ, მესამე-მეოთხე ადგილზე გავიდა.

ესპანეთის ნაკრების და „ბარსელონას“ 19 წლის შემტევი ნახევარმცველი პედრი (პედრო გონსალეს ლოპესი) ეროვნულ გუნდში 2021 წლიდან თამაშობს და ნაკრებში ჩატარებულ 14 მატჩში ჯერ გოლი არ გაუტანია, მაგრამ ისიც დიდი საქმეა, რომ 19 წლის ბიჭმა ესპანეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და თამაშზე უკვე დიდი გავლენას ახდენს.