კაშიას საქართველოს ჩემპიონთან დაპირისპირება არ ახარებს - ბოლო მომენტში ბათუმის „დინამო“ მიწვევდა #1TVSPORT
კაშიას საქართველოს ჩემპიონთან დაპირისპირება არ ახარებს - ბოლო მომენტში ბათუმის „დინამო“ მიწვევდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების კაპიტანს, გურამ კაშიას, რომელსაც გუშინ 35 წელი შეუსრულდა, გამოცემა sport.aktuality ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე ბრატისლავასსლოვანისა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩამდე მეტოქეზე ისაუბრა.

„როდესაც ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა, სულაც არ გამიხარდა, რომ „სლოვანი“ საქართველოს ჩემპიონს შეხვდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიან კარგი გუნდია, რომლის წინააღმდეგაც რთული თამაშები გველის. მეორეც, იმიტომ, რომ ეს ჩემი ქვეყნის კლუბია და ევროპულ შეჯიბრში ქართულ გუნდებთან დაპირისპირება არ მახარებს. ასე რომ, სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მიხარია, ბათუმის „დინამოს“ რომ ვეთამაშებით. ამ გუნდს ბოლო დროს წარმოუდგენელი პროგრესი ჰქონდა.

ბათუმის „დინამო“ საქართველოს იმ კუთხიდანაა, სადაც ფეხბურთი ძალიან პოპულარულია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გუნდი მუდმივად იხვეწებოდა, რამაც განაპირობა ლიგაში გამარჯვება. კლუბს აუშენეს ახალი 20 000-ადგილიანი სტადიონი, რომელიც ყველა მატჩზე ივსება.

გუნდის სპორტული დირექტორი კი ჩემი მეგობარი ლადო დვალიშვილია. ის ჩემზე მხოლოდ ერთი წლითაა უფროსი, მაგრამ კარიერაში უკვე ძალიან წინ წავიდა და შესანიშნავ საქმეს აკეთებს. მან შესანიშნავი მოთამაშეები მოიყვანა და კარგად აწყობილი სისტემა შექმნა. გულშემატკივრები ბედნიერები არიან, გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, ჩემპიონატში კვლავ ლიდერობს და ტიტულის დაცვის გზაზეა.

მე ვიცნობ გუნდის მფლობელს. მას უყვარს ფეხბურთი და საკუთარი ქალაქი, ფულს კი სწორად დებს. კლუბისთვის მნიშვნელოვანია, რომ თანდათან გაიზარდოს. ხმაურიან სახელებს არ დასდევენ, მაგრამ გუნდის სელექცია კარგად მუშაობს.

ძალიან პატარა ვიყავი, როცა ბათუმელთა მწვრთნელთან, გია გეგუჩაძესთამ „დინამო თბილისის“ სარეზერვო გუნდში ვმუშაობდი. ის ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია, რომლის ძლიერი მხარე ტაქტიკაა. უყვარს ლამაზი ფეხბურთის თამაში, მაღალი შეტევებით და ბურთის კონტროლით. გუნდში ამ სტილისთვის შესაფერისი მოთამაშეებიც ჰყავს.

წილისყრის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ბათუმელთა სპორტული დირექტორი დვალიშვილი იყო, ვინც დამირეკა, გაარკვია თუ შეძლებდა გუნდში წაყვანას, მკითხა, რა პირობებით წავიდოდი. მაგრამ ვუპასუხე, რომ ამდენს ვერ გადამიხდიდნენ. მართლა ბევრი მირეკავდა და მწერდა და არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივრებიც.

ბათუმში ნაკრებში რამდენიმე მატჩი ჩავატარეთ და იქ ნაკრების ფეხბურთელები უყვართ. ისინი ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ „დინამოს“ წინააღმდეგ მთელი ძალით არ მეთამაშა. რა თქმა უნდა, ამას იუმორით ვუყურებ და რა თქმა უნდა, მოედანზე ყველაფერს გავაკეთებ.

საქართველოში განმეორებით მატჩზე ჩემი ოჯახი აუცილებლად მოვა სანახავად. რაც უკვე აშკარაა არის ის, რომ იქნება წარმოუდგენელი სიცხე და ასევე მაღალი ტენიანობა“, – ამბობს გურამ კაშია.