კაშიას მომავალი „ასტანას“ დაუკავშირეს
კაშიას მომავალი „ასტანას“ დაუკავშირეს

შესაძლოა, ამერიკულ საფეხბურთო ლიგაში (MLS) ნათამაშებმა გურამ კაშიამ კარიერა ყაზახეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბ „ასტანაში“ გააგრძელოს, – ინფორმაციას meta-ratings.kz ავრცელებს.

„ფეხბურთელი ამერიკიდან, რომელიც შესაძლოა „ასტანაში“ ჩაირიცხოს, გურამ კაშიაა. ის ძალიან გამოცდილი მცველია. „ასტანას“ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, „სან ხოსეს“ ყოფილი მცველის სამსახური შესთავაზეს. 33 წლის ქართველი ჰოლანდიური კლუბის, „ვიტესის“ ვარსკვლავი იყო, სადაც მან რვა წლის განმავლობაში 244 მატჩი ჩაატარა. 2018 წელს გადავიდა MLS- ში, „სან-ხოსეში“ და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა“, – იუწყება meta-ratings.kz.

ავტორი კაშიას წამოსვლის მოტივზეც წერს: „აშშ-ში ქართველმა ფეხბურთელმა მოიწყინა და ევროპულ ფეხბურთში დაბრუნება სურდა. „ასტანა“ დაინტერესებულია კონტრაქტის ხელმოწერის შესაძლებლობით გამოცდილ შემსრულებელთან, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 77 შეხვედრა აქვს ჩატარებული“.

თავად კაშიას ჯერ ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. 33 წლის ფეხბურთელი ამჟამად ესპანეთში თბილისის „ლოკომოტივთან“ ერთად ემზადება. საქართველოს ნაკრების მცველმა მცირე ხნის წინ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ განაცხადა, რომ ევროპაში დაბრუნება სურდა, მაგრამ არ უთქვამს, რომ ამერიკაში მოწყენილს ხალისიანი განწყობა ყაზახეთში დაუბრუნდებოდა.