კაშიას გოლი, კანკავას საგოლე - „სლოვანმა“ წლის ბოლო მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ სლოვაკეთის ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპის ბოლო შეხვედრაში თავი გამოიჩინეს და ბრატისლავას „სლოვანს“ „ზლატე მორავცესთან“ მოგებაში (4:1) დაეხმარნენ.

„სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრას „ტეჰელნო პოლეზე“ უმასპინძლა. ვლადიმირ ვაისმა წლის ბოლო მატჩში „ზლატე მორავცესთან“ ძირითად შემადგენლობაში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა დააყენა, გიორგი ჩაკვეტაძე კი რისკს აარიდა და დაასვენა.

მეათე ტურის ეს მატჩი „სლოვანს“ სექტემბრის პირველ ნახევარში უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ „ზლატე მორავცეს“ ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა, რომ მეტოქე ევროთასებზე გამოდიოდა და მატჩი ნოემბრისთვის გადაიდო.

ბრატისლაველებმა მატჩი 4:1 მოიგეს, ორ გოლში კი ქართველები მონაწილეობდნენ.

24-ე წუთზე ვლადიმირ ვაისი-უმცროსმა ანგარიში ჯაბა კანკავას საგოლე გადაცემით გახსნა, ხოლო 62-ე წუთზე მეტოქის კარი გურამ კაშიამ აიღო და მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა, „სლოვანმა“ კი საშემოდგომო ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა.