კაშია თბილისის „ლოკომოტივში“ ემზადება - გუნდთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ
კაშია თბილისის „ლოკომოტივში“ ემზადება - გუნდთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ

მოულოდნელი ამბავია – თბილისის „ლოკომოტივთან“ ერთად, ესპანეთში, საწვრთნელ შეკრებაზე გურამ კაშია იმყოფება, – ინფორმციას თბილისური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მცველს, ისევე როგორც ვაკო ყაზაიშვილს, ამერიკულმა „სან ხოსემ“ კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა და ის უგუნდოდ დარჩა.

„გამოცდილი მცველი, ჩვენს გუნდს ჯერ კიდევ თბილისური შეკრების დროს შემოუერთდა და უკვე ერთი კვირაა, „ლოკომოტივთან“ ერთად ვარჯიშობს“, – წერია „ლოკომოტივის“ ვებგვერდზე.

ცხადია, ქართულ საფეხბურთო წრეებსა და გულშემატკივრებს გურამ კაშიას მომავალი აინტერესებთ. ამიტომ, „ლოკომოტივის“ პრესსამსახურმა გურამს არსებულ კითხვებზე კომენტარი ჩამოართვა.

„ლოკომოტივს თბილისშივე შევუერთდი და უკვე ერთი კვირაა, გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. ქართულ ფეხბურთში ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და კლუბის ხელმძღვანელებს ვთხოვე, თუ საშუალება იყო, დავმატებოდი და ფორმის აღსადგენად მევარჯიშა. მოგეხსენებათ, ევროპულ ჩემპიონატებში უკვე მეორე წრე დაიწყო და აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვარჯიშის დაწყება. „ლოკომოტივში“ გაგებით მოეკიდნენ ჩემს ვითარებას და მწვრთნელთან და მენეჯმენტის თანხმობის შემდეგ, გუნდს შევუერთდი“ – ამბობს გურამ კაშია.

გამოცდილი მცველის თქმით, „ლოკომოტივში“ არსებული გარემო მოეწონა: „მინდა ვთქვა, რომ ძალიან გვესიამოვნა ერთად მუშაობა და რადგან ჩვენი სურვილები ერთმანეთს დაემთხვა, გადაწყდა, რომ გუნდს ესპანურ შეკრებაზეც გამოვყვებოდი. ეს ჩემთვის საინტერესო პროცესია. ლოკომოტივი ძალიან კარგი გუნდია, მშვენიერი გარემო და პირობებია და ვარჯიშებით მხოლოდ სიამოვნებას ვიღებ. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა გუნდის მთავარ მწვრთნელს და კლუბის ხელმძღვანელობას. მათთან მუშაობა ძალიან მომწონს“.

კაშიამ ღიად განაცხადა, რომ „ლოკომოტივთან“ მოლაპარაკებები აქვს: „მზადების პარალელურად, მოლაპარაკებებს ვაწარმოებ რამდენიმე გუნდთან და მათ შორის, შემიძლია თბილისის „ლოკომოტივიც“ დავასახელო. ჯერჯერობით, სულ ესაა. ვნახოთ, რა იქნება. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. დღეს „ლოკომოტივში“ ვარ და ძალიან მსიამოვნებს აქ ყოფნა“.