კაშია და კანკავა ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლას აგრძელებენ - „სლოვანმა“ „ზრინსკის“ ბარიერი გაიარა #1TVSPORT
კაშია და კანკავა ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლას აგრძელებენ - „სლოვანმა“ „ზრინსკის“ ბარიერი გაიარა #1TVSPORT

ბრატისლავის „სლოვანმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბოსნიურ „ზრინსკის“ უმასპინძლა. შეხვედრა 2:2 დასრულდა და ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე „სლოვანი“ გავიდა.

ბრატისლაველების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა „ზრინსკის“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ორივე ქართველი ათამაშა – გურამ კაშია და ჯაბა კანკავა. პირველი თამაში სლოვაკეთის ჩემპიონმა სტუმრად 1:0 მოიგო და საპასუხო მატჩამდე უპირატესობა მოიპოვა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა მეორე თამაშიც კარგად დაიწყო და ანგარიში სწრაფად, მე-5 წუთზე გახსნა. იურაი კუცკას გადაცემით ბოსნიური კლუბის კარი ალექსანდრ ჩავრიჩმა აიღო. 66-ე წუთზე კი მისივე გადაცემის შემდეგ შარანი ზუბერუმ ეფექტური გოლით „სლოვანის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

„სლოვანი“ ამის შემდეგ მოდუნდა და ბოსნიელებმა წონასწორობა აღადგინეს. 75-ე წუთზე ჰრვოიე ბარიშიჩმა სხვაობა შეამცირა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90+3-ე წუთზე ანტონიო ივანჩიჩმა დააფიქსირა – 2:2.

ორი მატჩის ჯამში „სლოვანმა“ „ზრინსკი“ 3:2 დაამარცხა (1:0, 2:2) და ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლა, რითაც ერთ-ერთი ევროპული ტურნირის ჯგუფში თამაში უკვე გაინაღდა.

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის „სლოვანი“ „შერიფისა“ და ჰაიფას „მაკაბის“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.