კაშია ბავშვობის თანაგუნდელის წინააღმდეგ - „სლოვანში“ საუკეთესო ჩაკვეტაძემ შანსებით ვერ ისარგებლა #1TVSPORT
კაშია ბავშვობის თანაგუნდელის წინააღმდეგ - „სლოვანში“ საუკეთესო ჩაკვეტაძემ შანსებით ვერ ისარგებლა #1TVSPORT

ვლადიმირ ვაისის და ქართული სამეულის „სლოვანმა“ კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მტკივნეული მარცხი განიცადა – გუნდი ერევანში „პიუნიკთან“ 2:0 დამარცხდა.

H ჯგუფის შეხვედრაში სლოვაკეთის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში დააყენა გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე, ჯაბა კანკავამ კი დისკვალიფიკაციის გამო ჯგუფის შეხვედრა გამოტოვა.

აღსანიშნავია, რომ კაშიამ თავისი ბავშვობის თანაგუნდელის, ალეკსანდრ კარაპეტიანის წინააღმდეგ ითამაშა – „პიუნიკის“ და სომხეთის ნაკრების თავდამსხმელი თბილისში დაიბადა და გაიზარდა და კაშიასთან ერთად „ნორჩ დინამოში“ თამაშობდა. 11 წლიდან კარაპეტიანის ოჯახი გერმანიაში გადავიდა.

ჩაკვეტაძე სტუმრებში საუკეთესო იყო. მისი შეტევების შესაჩერებლად სომეხმა მოთამაშეებმა ყვითელი ბარათი ორჯერ მიიღეს – მათ შორის, კარაპეტიანმაც. გიორგის სამჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ ამ შანსებით ვერ ისარგებლა. პირველი მატჩის დაწყებიდან სულ რამდენიმე წამში შანსი ჰქონდა, შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ სამ მცველს გასცდა და კარში დაარტყა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. 63-ე წუთზე გიორგიმ კუთხურის გათამაშების შემდეგ გაისროლა, მაგრამ „პიუნიკის“ მცველი გადაეფარა. 85-ე წუთზე ჩაკვეტაძემ საჯარიმოს ხაზიდან კარს ოდნავ ააცილა და არასახარბიელო ანგარიში ვერ შეცვალა.

სომხებმა ანგარიში 35-ე წუთზე არტაკ დაშიანის გოლით გახსნეს, საბოლოო ანგარიში კი ორ წუთში იუსუფ ოტუბანჯომ დააფიქსირა. ორივეჯერ მცველი მენტი აბენა და მეკარე ადრიან ჩოვანი შეცდნენ – პირველმა დარტყმა ერთხელაც ვერ დაფარა, მეორემ კი ორივეჯერ შორიდან გაუშვა. „პიუნიკი“ გახდა პირველი სომხური კლუბი, რომელმაც ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე მოიგო.

კონფერენს ლიგის H ჯგუფში 2 ტურის შემდეგ ბრატისლავას „სლოვანმა“ მხოლოდ ერთი ქულა დააგროვა და „ჟალგირისთან“ ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.