კაშია 100 მატჩზე გაჩერებას არ აპირებს - ნაკრები ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, იმედია, კიდევ ბევრს ვითამაშებ #1TVSPORT
კაშია 100 მატჩზე გაჩერებას არ აპირებს - ნაკრები ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, იმედია, კიდევ ბევრს ვითამაშებ #1TVSPORT

გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა კარიერაში მნიშვნელოვან მოვლენაზე, რომელიც გიბრალტართან ერთა ლიგის მატჩში მისი მონაწილეობით მოხდა – საქართველოს ნაკრების კაპიტანმა „ჯვაროსნების“ შემადგენლობაში საიუბილეო, მე-100 მატჩი ჩაატარა.

„მიხარია და ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოს ნაკრებში 100 თამაში ჩავატარე. ამდენი მატჩის ჩატარებას 14 წელი დასჭირდა. ეს (საქართველოს ნაკრები) ფეხბურთში ჩემთვის ყველაზე საყვარელი გუნდია“, – ამბობს გურამ კაშია.

ამ მაჩვენებლით გურამ კაშია გაუთანაბრდა ლევან კობიაშვილსა და ჯაბა კანკავას, მაგრამ სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს და დიდი ალბათობით, პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდება, ვინც 100-მატჩიან ზღვარს გადალახავს. 35 წლის ფეხბურთელს, ასაკის მიუხედავად, ნაკრებში თამაში კიდევ დიდხანს სურს.

„მიხარია, რომ კიდევ აქ ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 100 თამაშს არა, მაგრამ კიდევ ბევრს ვითამაშებ და დიდხანს დავრჩები. მესმის, რომ ასაკში ვარ, მაგრამ თუ ნაკრებს დავჭირდები, ყოველთვის მასთან ერთად ვიქნები“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.

კაშიამ გიბრალტართან მოგებასა და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაზეც ისაუბრა:

„თექვსმეტი ქულის აღება ძალიან რთულია. მძიმე თამაში გამოვიდა, რადგან მოწინააღმდეგე მხოლოდ თავს იცავდა და რთული იყო ხაზების გარღვევა, მომენტის შექმნა. მეტოქე კარგად იყო დაცვაში ორგანიზებული და მინდვრის საფარიც არ გვიწყობდა ხელს. სამწუხაროდ, მორწყვა ვერ შეძლეს და ძალიან რთული იყო ბურთს გადაადგილება. ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და ჯგუფში პირველი ადგილი გავიმყარეთ. ამიტომ, უკეთესობისკენ მიდის ყველაფერი“.

გურამ კაშია „დინამო თბილისის“ შემადგენლობაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ ჯერ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში (10 მატჩი, 2 გოლი) მიიწვიეს, ხოლო 2008 წელს პირველად გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში. მისი სანაკრებო დებიუტი 2009 წელს, მონტენეგროს წინააღმდეგ შედგა და მას შემდეგ 13 წელია „ჯვაროსნების“ საკვანძო მოთამაშეა.