„კარლსრუეს“ სპორტული დირექტორი - ზამთარში ზივზივაძის გაყიდვას არ ვაპირებთ, თუმცა, კატეგორიულადაც არ გამოვრიცხავთ #1TVSPORT
„კარლსრუეს“ სპორტული დირექტორი - ზამთარში ზივზივაძის გაყიდვას არ ვაპირებთ, თუმცა, კატეგორიულადაც არ გამოვრიცხავთ #1TVSPORT

გამოცემა Footboom1 ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, „კარლსრუე“ გუნდის და მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირმა, ბუდუ ზივზივაძემ დატოვოს.

„2023 წლის ზამთარში „კარლსრუემ“ ბუდუ ზივზივაძე უნგრული „ფეჰერვარიდან“ დაიმატა. ფეხბურთელს თავიდან ახალ გუნდთან ადაპტაცია გაუჭირდა, რის გამოც გასული სეზონის პირველ ნახევარში ქართველი თავდამსხმელი, ძირითადად, სათადარიგოთა შორის რჩებოდა.

თუმცა, შემდეგ ორ მნიშვნელოვან თამაშში თავი გამოიჩინა: მე-14 ტურში „ნიურნბერგთან“ (4:1) დუბლი შეასრულა, მე-15 ტურში კი „ჰანზასთან“ (2:2) გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდს ქულა მოუტანა – ეს ზივზივაძისთვის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა.

მას შემდეგ გუნდის მწვრთნელი კრისტიან აიხნერი ფორვარდს მუდმივად ენდობოდა და შემადგენლობაში აყენებდა, ზივზივაძე კი ნდობას გოლებით ამართლებდა. ბუდუმ სეზონი 12 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით დაასრულა და იგორ მატანოვიჩთან (14 გოლი და 7 საგოლე გადაცემა) ერთად ბრწყინვალე დუეტი ჩამოაყალიბა.

სეზონის ბოლოს მატანოვიჩი გუნდიდან წავიდა. თუმცა, ქართველს მის გარეშე პრობლემა არ შექმნია და შედეგიან თამაშს ახალ სეზონშიც განაგრძობს. 16 ტურის შემდეგ ზივზივაძე 11 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირია. საშუალოდ კარში 2,97 არტყამს – ეს სტატისტიკა ბევრ რამეზე მეტყველებს.

ზივზივაძის მიმართ სხვა კლუბების ინტერესი ბუნებრივია, დიდი ალბათობით, მისი აგენტი შეთავაზებებს მიიღებს. თუმცა, 30 წლის ფორვარდის თქმით, ეს ჯერ არ მომხდარა.

„გუნდთან კონტრაქტი ზაფხულამდე მაქვს და მსურს ბოლომდე აქ დავრჩე, რათა „კარლსრუეს“ დავეხმარო. შემდეგ ყველაფერი შესაძლებელია. ფეხბურთში წინასწარ არასდროს იცი, როდის რა მოხდება“, – ამბობს ზივზივაძე.

გასაკვირი არ არის, რომ მისი შესაძლო წასვლით გუნდის გულშემატკივრები შეშფოთებულნი არიან. „კარლსრუეს“ სპორტულმა დირექტორმა, სებასტიან ფრეისმა მოსალოდნელ ტრანსფერზე ისაუბრა და არ დამალა, რომ კლუბი სარფიან წინადადებაზე უარს არ იტყვის: „კარგად ვიცით ზივზივაძე „კარლსრუესთვის“ რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა და ზამთარში მის გაყიდვას არ ვაპირებთ. თუმცა, ტრანსფერს კატეგორიულადაც არ გამოვრიცხავთ“.

თუ ფინანსურად ხელსაყრელი შეთავაზება იქნება, „კარლსრუე“ ტრანსფერზე დაფიქრდება. თუმცა, შესაძლებელია, ზივზივაძე ზაფხულამდე მაინც დარჩეს და „კარლსრუეს“ დაეხმაროს, რომელიც ამჟამად მეორე ბუნდესლიგაში მეშვიდე ადგილზეა და ბუნდესლიგაში დაწინაურების შანსი აქვს. ამ ბრძოლაში უახლოესი მატჩი 21 დეკემბერს ლიგის ლიდერ „პადერბორნის“ წინააღმდეგ ელის“, – წერს გამოცემა.