„კარლსრუეს“ მწვრთნელი - ზივზივაძეს შემცვლელზე მეტი როლის შესრულება შეუძლია, მან ეს დაიმსახურა #1TVSPORT
„კარლსრუეს“ მწვრთნელი - ზივზივაძეს შემცვლელზე მეტი როლის შესრულება შეუძლია, მან ეს დაიმსახურა #1TVSPORT

8 დეკემბერს „კარლსრუე“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-16 ტურში „ჰანოვერს“ დაუპირისპირდება. დიდი ალბათობით, გუნდის შემადგენლობა შეიცვლება. ერთ-ერთი კითხვა ჩნდება სასტარტო თერთმეტეულში ბუდუ ზივზივაძის მოხვედარსთან დაკავშირებით, რომელმაც ბოლო თამაშებში შეცვლაზე წარმატებით ითამაშა და გოლებიც გაიტანა, – ამის შესახებ გამოცემა ka-news.de წერს.

„„ჰანოვერთან“ წლის ბოლო გასვლით მატჩამდე „კარლსრუეს“ მთავარ მწვრთნელს, კრისტიან აიხნერს რამდენიმე საკადრო პრობლემა აქვს. მისი თქმით, გუნდი განახლებული შემადგენლობით ითამაშებს, მაგრამ მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე არ დააკონკრეტა, რის შეცვლას აპირებს.

სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვა, ვინ ითამაშებს თავდასხმაში? ფაბიან შლაიზნერი და იგორ მატანოვიჩი ყოველთვის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, მაგრამ „ნიურნბერგისა“ და „ჰანზას“ წინააღმდეგ შეცვლაზე შესულმა ბუდუ ზივზივაძემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ბუდუმ ამ ორ შეხვედრაში მხოლოდ 41 წუთი ითამაშა და სამი გოლი გაიტანა. „ჰანზასთან“ გოლის შემდეგ გულშემატკივრები მის სახელს დიდხანს სკანდირებდნენ. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საჯაროდ განაცხადა, რომ პირველივე წუთებიდან სურს თამაში“, – ვკითხულობთ წერილში, სადაც კრისტიან აიხნერის კომენტარიც გამოქვეყნდა.

„ყველაფერი შესაძლებელია. ზივზივაძის მოედანზე შესვლისთანავე მეტოქე საფრთხის წინაშე დგას. ეს მწვრთნელებისთვისაც დიდი ფუფუნებაა და გუნდისთვისაც. რა თქმა უნდა, არსებობს მოთამაშის აზრი, რომელსაც თავიდანვე სურს თამაში. ზივზივაძეს ასე შედეგიანად დიდი ხანია არ უთამაშია. ახლა ახლოსაა იმასთან, რომ შემცვლელზე მეტი როლი შეასრულოს. მან ეს თავისი გოლებისა და ვარჯიშებზე მონდომების წყალობით დაიმსახურა. დგება მომენტი, როდესაც რაღაც უნდა შეიცვალოს“, – ამბობს „კარლსრუეს“ მწვრთნელი.