„კარლსრუეს“ კაპიტანი - ზივზივაძის გუნდიდან წასვლა დიდი დანაკარგია #1TVSPORT
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირის, ბუდუ ზივზივაძის ბუნდესლიგის „ჰაიდენჰაიმში“ გადასვლამ, სპორტული თვალსაზრისით, შესაძლოა, „კარლსრუეს“ მძიმე დარტყმა მიაყენოს – ამის შესახებ გუნდის კაპიტანმა, მარვინ ვანიცეკმა განაცხადა.
„ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუედან“ წასვლამ გული დამწყვიტა. ეს გუნდისთვის დიდი დანაკარგია. იმედია, კლუბის ხელმძღვანელობა ქართველი თავდამსხმელის შემცვლელს სწრაფად იპოვის.
ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმში“ ტრანსფერის შესახებ 3 იანვარს გავიგეთ. სწრაფად უნდა გავითავისოთ, რომ სეზონის გაგრძელება საუკეთესო თავდამსხმელის გარეშე მოგვიწევს, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება“, – ამბობს „კარლსრუეს“ კაპიტანი მარვინ ვანიცეკი.
გერმანული გამოცემა ka-news.de-ს შეფასებით, ზივზივაძის გარეშე „კარლსრუეს“ ბუნდესლიგაში გადასვლისთვის ბრძოლა გაუჭირდება.
„ზივზივაძის წასვლამ სპორტული თვალსაზრისით, შეიძლება, „კარლსრუეს“ მძიმე დარტყმა მიაყენოს. ბუდუს დამსახურებაა, გუნდი ახლა ლიდერებში რომ იმყოფება. სეზონის პირველ ნახევარში მან 12 გოლი გაიტანა და გადამწყვეტი როლი ითამაშა, სატურნირო ცხრილში „კარლსრუე“ მეორე ადგილზე რომ იმყოფება.
თუმცა კლუბის მიზანი ტრანსფერებიდან შემოსავლის მიღებაც არის. ზაფხულში ზივზივაძეს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლო გუნდიდან წასვლა, მით უმეტეს, კლუბის სპორტულმა დირექტორმა, სებასტიან ფრისმა განაცხადა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების შანსი მცირე იყო“, – წერს გერმანული გამოცემა.