აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ფინალში ესპანელმა კარლოს ალკარასმა ოთხ სეტში დაამარცხა იტალიელი იანიკ სინერი (6:2, 3:6, 6:1, 6:4), რითიც მეორედ მოიგო ნიუიორკული ტურნირი და ორწლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო კლასიფიკაციის პირველ პოზიციაზე დაბრუნდა. ეს იყო ალკარასის მე-10 გამარჯვება სინერის წინააღმდეგ გამართულ 15 მატჩში.
ფაქტები
* კარლოს ალკარასს 6 ტიტული აქვს „დიდი სლემის“ ტურნირებზე. ამ მაჩვენებლით ის დაეწია ბორის ბეკერსა და სტეფან ედბერგს.
* „დიდ სლემზე“ 6 ჩემპიონობა ალკარასმა 22 წლისა და 125 დღის ასაკში შეაგროვა. უფრო ახალგაზრდა ასაკში ამდენი „სლემი“ ისტორიაში მხოლოდ ბიორნ ბორგმა (22 წლის, 32 დღის) მოიგო.
* ალკარასი მხოლოდ მეოთხე ჩოგბურთელია ისტორიაში, ვინც ერთზე მეტი „სლემი“ მოიგო ყველა საფარზე – ორ-ორი როლან გაროსი (გრუნტი), უიმბლდონი (ბალახი) და აშშ-ის ღია (ჰარდი). ესპანელი შეუერთდა მატს ვილანდერს (სამი გრუნტზე, ორ-ორი ბალახზე და ჰარდზე), რაფაელ ნადალს (14 გრუნტზე, ექვსი ჰარდზე და ორი ბალახზე) და ნოვაკ ჯოკოვიჩს (სამი გრუნტზე, 14 ჰარდზე და შვიდი ბალახზე).
* ალკარასი დაბრუნდა ATP-ს კლასიფიკაციის პირველ ადგილზე, რითიც შეწყვიტა სინერის 65-კვირიანი ლიდერობა. ესპანელი 36 კვირა იყო რეიტინგის ლიდერი, რაც მე-17 შედეგია ისტორიაში. ამ მხრივ, ალკარასის უახლოესი კონკურენტები არიან: ილიე ნასტასე (40), ენდი მარეი (41) და გუსტავო კუერტენი (43).
* ალკარასი 2025 წელს კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს: 2 „დიდი სლემი“, 7 ტიტული (ყველაზე მეტი ტურში), 61 მოგება და 6 წაგება (საუკეთესო მაჩვენებელი ტურში), აპრილიდან მოყოლებული 48 მატჩში 46 მოგება და ზედიზედ 8 ფინალი.