კარლო ანჩელოტის განცხადებით, კილიან მბაპეს ტრავმა სერიოზული არაა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ იტალიელი მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის განცხადებით, კილიან მბაპეს ტრავმა სერიოზული არაა და „ატალანტას“ წინააღმდეგ შეხვედრაში ის პრევენციის მიზნით შეცვალეს.
ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში „რეალმა“ სტუმრად იტალიურ გუნდს 3:2 სძლია. მბაპემ თავისი გუნდის პირველი გოლი გაიტანა, თუმცა პირველივე ტაიმში მოედნის დატოვება მოუხდა.
„ვფიქრობ, კილიან მბაპეს დაზიანება სერიოზული არაა. გაქცევის დროს მან დისკომფორტი იგრძნო, არ გავრისკეთ და სწორედ ამიტომ შევცვალეთ. მალე ყველაფერი უფრო დეტალურად გვეცოდინება“, – განაცხადა ანჩელოტიმ.
მადრიდის „რეალი“ ამჟამად 9 ქულით ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მე-18 ადგილზეა.