კარლო ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრებში 2030 წლამდე დარჩენა სურს #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ტელეკომპანია ESPN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2030 წლამდე სურს ეროვნულ გუნდში დარჩენა.
„დიახ, მინდოდა ბრაზილიის ნაკრების გაწვრთნა. ჯერ კიდევ 2023 წლიდან. მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადება ბრაზილიისთვის – რაღაც განსაკუთრებულია. მე ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე, რაც სწორი გადაწყვეტილებაა. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ყველაფერი ცხადი გახდება. მე არ მაქვს პრობლემა, თუ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია მოისურვებს თანამშრომლობის გაგრძელებას. როგორც უკვე ვთქვი, აქ ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი ოჯახის წევრებიც ძალიან ბედნიერად გრძნობენ თავს. მაქვს ამაზე დალაპარაკების დრო. 2030 წლამდე დარჩენა? ძალიან კარგი იქნებოდა“, – განაცხადა ანჩელოტიმ.
ასევე იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ბრაზილიაში ცხოვრებისადმი ადაპტაციის გასაიოლებლად მან კერძო მასწავლებელთან პორტუგალიური ენის შესწავლა დაიწყო.
კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით ბრაზილიის ნაკრებმა ოთხი მატჩი ჩაატარა: მოგებები პარაგვაისა და ჩილესთან, ფრე ეკვადორთან და წაგება ბოლივიასთან. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებმა მოიპოვეს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება.
ოქტომბერში ბრაზილიის ნაკრები ორ საწვრთნელ შეხვედრას გამართავს – 10 ოქტომბერს სამხრეთ კორეასთან და 14 ოქტომბერს იაპონიასთან.