კარლო ანჩელოტი „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელი გახდა
კარლო ანჩელოტი „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელი გახდა

ცოტა ხნის წინ კარლო ანჩელოტი „ნაპოლიდან“ დაითხოვეს, თუმცა იტალიელი სპეციალისტი უმუშევარი მხოლოდ რამდენიმე კვირა იყო.

ანჩელოტიმ პერემიერლიგის კლუბი „ევერტონი“ ჩაიბარა და საკმაოდ ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა – 2023 წლის ზაფხულამდე.

„მინდა სიხარულით გამცნოთ, რომ მე „ევერტონს“ შევუერთდი. ბედნიერი ვარ, რომ პრემიერლიგაში დავბრუნდი და გავხდი ამ ისტორიული კლუბის ნაწილი. მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის“, – დაწერა ანჩელოტიმ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე.

კარლო ანჩელოტი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანი მწვრთნელია.

იტალიელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო. იგი ერთადერთი მწვრთნელია, რომელსაც იტალიის, ინგლისის, საფრანგეთისა და გერმანიის ჩემპიონატები აქვს მოგებული.

კარლო ანჩელოტი სხვადასხვა დროს იყო: „იუვენტუსის“, „მილანის“, „ბაიერნის“, „რეალის“, „ჩელსის“, „პარი სენ-ჟერმენის“, „ნაპოლისა“ და სხვა დიდი კლუბების მწვრთნელი.