კარლეს პუიოლი - მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ჩაითვლება
კარლეს პუიოლი - მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ჩაითვლება

„ბარსელონას“ ყოფილმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა Goal-თან მესიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ჩაითვლება.

„თუ მე მკითხავთ ვინ არის მაიკლ ჯორდანი, მე გიპასუხებთ, რომ ის ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელია. ვფიქრობ, მესისაც ზუსტად იგივე სტატუსი ექნება – ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. ჯორდანის საუკეთესო კალათბურთელობაზეც ბევრი მოსაზრებაა და რთულია იყო ობიექტური. ასევე რთულია „რეალის“ გულშემატკივრებისთვის იმის აღიარება, რომ მესი საუკეთესოა“, – აცხადებს პუიოლი.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ „ბარსელონას“ მაისურით 644-ე გოლი გაიტანა და ამ შედეგით გადაასწრო პელეს, რომელსაც „სანტოსის“ შემადგენლობაში 643 გოლი აქვს გატანილი.

კატალონიური კლუბის ყოფილი მცველის თქმით, მესი გასცდა პელეს და მარადონას დონეს და მომავალში ძალიან რთული იქნება ვინმემ იქამდე მიაღწიოს.

„ამ ეტაპზე ჩვენ არ გვჯერა, რომ მომავალში ვინმე უკეთესი გამოჩნდება. ასეთ დონეზე ამდენი ხნის განმავლობაში ყოფნა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ უბრალოდ უნდა ველოდოთ და ამ ეტაპზე დავტკბეთ ლეოს თამაშით“.