კარლ ჰარცელი - ველოდებით გადაწყვეტილებას მოსამართლეობის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა
კარლ ჰარცელი - ველოდებით გადაწყვეტილებას მოსამართლეობის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა

ველოდებით გადაწყვეტილებას მოსამართლეობის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ევროკავშირის ელჩი ჟურნალისტებთან საუბრისას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცესებს ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთხელ განვაცხადე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი ევროკავშირისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ მას ყურადღებით ვადევნებთ თვალს და გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო სისტემისადმი სრული ნდობა იქნება. ჩვენ სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორიცაა ევროსაბჭო, აშშ-ის საელჩო საქართველოში, ჩართული ვართ და ვცდილობთ პროცესის მხარდაჭერას, რომელიც ახლა პარლამენტის სპიკერის ხელშია.

გუშინ მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო უფრო ფართო შეხვედრაში, რომელიც გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით, რასაც ჩვენ მივესალმებით, რადგან საბოლოოდ, გვსურს, ვიხილოთ პროცესი და კრიტერიუმების ჩამოყალიბება ამ მოსამართლეების დასანიშნად, რომლებსაც ექნებათ საზოგადოებისა და სხვა მხარეების ნდობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და გვსურს, ვნახოთ, რომ საბოლოოდ კარგ შედეგებამდე მივალთ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საპარლამენტო ოპოზიციისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ იმსჯელეს და მოსაზრებები გამოთქვეს.