კარლ ჰარცელი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებული სერიოზული რეფორმა და იურიდიული ორგანოების დაკომპლექტების პროცედურების გაუმჯობესება გაგზავნის მძლავრ მესიჯებს, რომ საქმე სწორი მიმართულებით მიდის
კარლ ჰარცელი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებული სერიოზული რეფორმა და იურიდიული ორგანოების დაკომპლექტების პროცედურების გაუმჯობესება გაგზავნის მძლავრ მესიჯებს, რომ საქმე სწორი მიმართულებით მიდის

ბოლო წლებში განხორციელებული მრავალი წარმატებული რეფორმის წყალობით, საქართველო საკმაოდ მყარ საფუძველზე დგას. ამ კუთხით, საქართველოს ექნება ყველა შესაძლებლობა, წინ წავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი. მე ვფიქრობ, რომ საქართველო მყარ ნიადაგზე დგას, – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

ელჩმა აღნიშნა, რომ ახლა საჭიროა იმ 12 პრიორიტეტზე რეაგირება, რომელიც კომისიამ განსაზღვრა და ევროკავშირის საბჭომ მოიწონა.

„თითქოს ყველაფერი ნათელია, თუმცა ამავდროულად, არ არის მარტივი, რადგან მთელი რიგი რთული რეფორმების გატარებას საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდება, ისევე, როგორც აუცილებლად გახდება საჭირო უფრო მტკიცე პოლიტიკური ერთობის ჩამოყალიბება ამ პროცესისა და დღის წესრიგის გარშემო. ეს შესაძლებელია და საქართველომ წარსულში ეს უკვე აჩვენა. ვფიქრობ, რომ ამის მიღწევა ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა საჭიროა პროცესის გაძღოლა პოლიტიკურად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩმა უპასუხა შეკითხვას, სასამართლო რეფორმის შესახებ. „საქართველოს სჭირდება სასამართლო სისტემა, რომელიც აღქმული იქნება, როგორც სამართლიანი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული. დღეს რომ შეგეძლოთ ერთი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა სასამართლო სისტემის შესაკეთებლად, რა იქნებოდა ეს?“ – აღნიშნულია „ამერიკის ხმის“ შეკითხვაში.

„ვშიშობ, რომ სწრაფი გამოსწორება არ მგონია შესაძლებელი იყოს. ვფიქრობ, უფრო მართებული იქნება იმის კითხვა, თუ სად უნდა დავიწყოთ და შემდეგ რა მიმართულებით წავიდეთ. აქ მე შთაგონების მიღებისთვის 19 აპრილის შეთანხმებას მივმართავდი, რომელიც ვფიქრობ, მრავალი თვალსაზრისით ასახავს რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხს, რომელში მიღწეული პროგრესიც ძალზედ მომგებიანი იქნებოდა. მაგალითად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებული სერიოზული რეფორმის გატარება და იურიდიული ორგანოების დაკომპლექტების პროცედურების გაუმჯობესება, მათ შორის, გენერალურ პროკურატურაში, ვფიქრობ გაგზავნის მძლავრ მესიჯებს იმაზე, რომ საქმე სწორი მიმართულებით მიდის. ეს მინიშნებები კომისიის გადაწყვეტილების პრიორიტეტებშიც არის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.