კარლ ჰარცელი - დიდი ყურადღებით დავაკვირდებით არჩევნებს და იმედი გვაქვს, ის აღიარებული იქნება, როგორც ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი, რაც კი ოდესმე ჩატარებულა
კარლ ჰარცელი - დიდი ყურადღებით დავაკვირდებით არჩევნებს და იმედი გვაქვს, ის აღიარებული იქნება, როგორც ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი, რაც კი ოდესმე ჩატარებულა

დიდი ყურადღებით დავაკვირდებით არჩევნებს და იმედი გვაქვს, ის აღიარებული იქნება, როგორც ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი, რაც კი ოდესმე ჩატარებულა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მან საქართველოს მიულოცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ექვსი წლისთავი.

„ვულოცავ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ექვსი წლისთავს, რომელიც ჩვენი ძლიერი და მზარდი ურთიერთობის საფუძველია. ასევე, ვულოცავ საქართველოს იმ პროგრესს, რომელსაც მიაღწია გასული წლის განმავლობაში. მომავალში ჩვენ დიდი ყურადღებით დავაკვირდებით დაგეგმილ არჩევნებს და იმედი გვაქვს, ის აღიარებული იქნება, როგორც ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. ჩვენ ასევე ველოდებით მეტ ენთუზიაზმს სამართლებრივ რეფორმებთან დაკავშირებით, მათ შორის თავად სასამართლოში.

იმედი მაქვს, ერთად ვიმუშავებთ ეკონომიკის სექტორში მეტი გამძლეობისთვის და ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველად გარემოს შექმნისთვის. ასევე, მეტი ინკლუზიურობისთვის, რათა უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ამით.

დაბოლოს, მინდა შევეხო გარემოსა და ენერგოეფექტურობას. ეს არის ის საკვანძო სექტორი, სადაც საქართველო ახლა ვითარდება და კიდევ აქვს გზა გასავლელი ამ მიმართულებით. მე პროგრესს ამ სფეროში განსაკუთრებით ველოდები და მჯერა, რომ ეს სასარგებლო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის და მოსახლეობისთვის“, – აცხადებს ევროკავშირის ელჩი.