კარლ ჰარცელი დეოლიგარქიზაციის შესახებ - ცხადია, მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან
კარლ ჰარცელი დეოლიგარქიზაციის შესახებ - ცხადია, მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ დელიგარქიზაციის მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ჰარცელმა განმარტა, ვის ეხება ეს ტერმინი და რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია:

„ჩემი აზრით, კომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ, მათ შორის დასახულ პრიორიტეტებს, ცხადია, რომ მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან. მსგავსი შეხედულება ასახულია უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაშიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს გაცილებით ფართო ფენომენია, რომელიც რეგიონის გამოწვევების ნაწილს წარმოადგენს. საბოლოო ჯამში, უნდა ვთქვათ, რომ გამართულ დემოკრატიასა და საბაზრო ეკონომიკაში წესები ყველას უნდა ესადაგებოდეს და მნიშვნელოვანია არასაჭირო ინტერესებს, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის ინტერესები, ამ ბალანსზე რაიმე სახის გავლენის მოხდენის საშუალება არ მიეცეს.

პასუხისმგებლობის დიდი წილი მოდის ძლიერ ინსტიტუტებზე. უნდა არსებობდეს იმედი, რომ მათ საკუთარი მანდატის შესრულება კანონის უზენაესობის სრული დაცვით შეუძლიათ. ეს არის, თუ გნებავთ, ფუნდამენტი იმ ყველაფრისა, რაზეც არის საუბარი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, განვიხილოთ სხვადასხვა გზები იმისთვის, თუ ამას როგორ უნდა მივუდგეთ.

უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის შემდგომი ნაბიჯი შეიძლება, განსხვავებულად გამოიყურებოდეს. გეგმაში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა წარმოადგინეს, რაც ძალიან მომეწონა, იყო ის, რომ ისინი ამბობდნენ, რეალურად დანარჩენი 11 პრიორიტეტის განხორციელება გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ოლიგარქიული გავლენის შემცირებას, რადგან, თუ ეს პრიორიტეტები წარმატებით შესრულდა, ამას ასევე სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკური და ეკონომიკური ზემოქმედების რისკების შემცირებაზე გავლენა ექნება. ჩემი აზრით, ეს არის დისკუსიის კარგი საწყისი წერტილი, რის შემდეგაც უნდა მოხდეს განხილვა და განისაზღვროს შემდეგი ნაბიჯები“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.