კარგი ამბავი მაკარიძისთვის - პორტუგალიაში თამაშს 4 ივნისს იწყებენ
კარგი ამბავი მაკარიძისთვის - პორტუგალიაში თამაშს 4 ივნისს იწყებენ

სეზონის განახლებისთვის ევროპის კიდევ ერთ ლიგაში ემზადებიან. პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაცხადა, რომ პორტუგალიის ჩემპიონატში სეზონი 4 ივნისს 25-ე ტურის მატჩებით განახლდება.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სხვადასხვა ორგანიზაციასთან კონსულტაციები გავიარეთ, რათა სეზონის განახლება მოხდეს უსაფრთხოდ და ყველა ზომის დაცვით. აუცილებელია სტადიონების მკაცრი შემოწმება და მატჩის ყველა მონაწილის ტესტირება“, – ნათქვამია პრიმეირა ლიგის ხელმძღვანელობის განცხადებაში.

პორტუგალიურ კლუბებს საშუალება მიეცათ, 4 მაისიდან ვარჯიში განაგრძონ. კორონავირუსის პანდემიის გამო, პორტუგალიის ჩემპიონატი მარტის დასაწყისში შეჩერდა – 24 ტურის შემდეგ, „პორტო“ ლიდერობს. შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში გერმანიის ბუნდესლიგა განახლდება.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის „ვიტორია სეტუბალში“ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე თამაშობს, ხოლო რანგით მეორე ლიგის „ლეიშოინშის“ ღირსებას ავთანდილ ებრალიძე იცავს.